22 აპრილი დედამიწის დღეა!

in Uncategorized/სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, „დედამიწის დღე“ ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციით აღინიშნა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ლისის ტბისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიები.

„დედამიწის დღე“ პირველად მსოფლიო მასშტაბით 1970 წელს აღინიშნა და მილიონობით ადამიანი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად.

საქართველოში, „დედამიწის დღე“ მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ 1990 წლიდან პერმანენტულად აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი ღონისძიება ტარდება.

მიმდინარე წელს, „დედამიწის დღის“ კვირეულის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია დასუფთავების აქციების ჩატარება, რომელსაც რეგიონებში კოოდინირებას უწევენ  მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორები. დღეს, თბილისის გარდა დასუფთავების აქციები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში.

ლისის ტბისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნ სოლომონ პავლიაშვილმა, მოადგილემ ქ-ნ ეკეტერინე გრიგალავამ, სამინისტროს სხვადასხვა სამასახურების წარმომადგენლებმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ბ-ნ ვიქტორ დოლიძემ, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ქ-ნ მოლი ლიენმა, შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა,  პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის №107, №99 და №85 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ასევე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა. სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლებმა.

აქციაში სულ მონაწილეობა მიიღო 700-მდე ადამიანმა, დასუფთავდა 3 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 12 მ3 მოცულობის ნარჩენი, რომელიც ქალაქის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე.

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*