იმერეთის რეგიონის გარემოსდაცვითი საკითხების მიმოხილვა და ანალიზი განვითარების სტრატეგიის (2014-2021 წწ) საფუძველზე

in სტატიები by

ავტორი: ნანა დეისაძე   

27/05/2017

იმერეთის რეგიონის ზოგადი მიმოხილვა

იმერეთის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ნაწილია. იგი დასავლეთ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. იმერეთის რეგიონის ტერიტორიის ფართობი 6518,8 კვ.მ–ია და საქართველოს ტერიტორიის 9,4%-ს შეადგენს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი რეგიონს პირველი ადგილი უჭირავს, მისი მოსახლეობა 2014 წლისთვის 703,3 ათას კაცს შეადგენდა, რაც საქართველოს მოსახლეობის 15,7%-ია. აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონში საჩხერის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ჯრია, პერევი და ჭურნალი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიების გამყოფ ხაზთან. რელიეფური მრავალფეროვნების გამო, იმერეთი პირობითად იყოფა ზემო და ქვემო იმერეთად, რომელიც აერთიანებს 12 მუნიციპალიტეტს: ქალაქ ქუთაისს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს. რეგიონში შედის 11 ქალაქი, 3 დაბა და 529 სოფელი. იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ქუთაისი, რომელიც ამავე დროს სახელმწიფოს საპარლამენტო ქალაქია.

იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. აღსანიშნავია, რომ მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან ზონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, მაგრამ დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია, ზაფხული კი შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა საშუალოდ +20C, +50C-ია, ხოლო ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +380C, +400C. ნალექების რაოდენობა 1300-1800 მმ-ია. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150-ს შეადგენს. რეგიონი ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. რეგიონი მდებარეობს სატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ და საზღვაო პორტებთან ახლოს (ბათუმი – 130 კმ., ფოთი – 102კმ.). ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან 15 კმ-ში მდებარეობს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი.

რეგიონი გამოირჩევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებით ამჟამად, იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული.

რეგიონში ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია მძლავრი ენერგეტიკული ბაზის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, იმერეთის რეგიონს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებისათვის.

 

იმერეთის  გარემოსდაცვითი საკითხების ზოგადი მიმოხილვა

ჰაერის ხარისხი

რეგიონში ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალია. ძირითად დამაბინძურებლებს შორისაა მანგანუმისა მადნისა და ქვანახშირის გამამდიდრებელი საწარმოები და მეტალურგიული ქარხნები, რომლებიც ძირითადად ჭიათურის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებშია ლოკალიზებული.

ზესტაფონში მაღალია მანგანუმის ორჟანგის კონცენტრაცია, ქუთაისში – მტვრისა და გოგირდის დიოქსიდის კონცენტრაცია. ტყიბული, ასევე განიცდის ბუნებრივი რესურსების კარიერულ მოპოვებასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული ემისიების უარყოფით ზემოქმედებას.

იმერეთზე გამავალი საქართველოს ძირითადი სატრანსპორტო დერეფნის – ბათუმი- თბილისის საავტომობილო გზის გამო, საავტომობილო ტრანსპორტი, ასევე უარყოფითად მომქმედებს ჰაერის სისუფთავის ხარისხზე. მშენებარე საავტომობილო მაგისტრალი მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას, მაგრამ იმის გამო, რომ იგი კვეთს რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მათი გამოფრქვევებისგან დასაცავად სასურველია სპეციალური დამცავი ზოლის მოწყობა.

წყლის ხარისხი

იმერეთის რეგიონის წყლის რესურსების დაბინძურება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო საქმიანობის შედეგია. მუნიციპალური საკანალიზაციო სისტემებისა და მათი გამწმენდი ნაგებობების გაუმართაობა ზედაპირული წყლის ობიექტების მნივშვნელოვან დაბინძურებას იწვევს.

ზედაპირული წყლის ობიექტების დაბინძურება, ასევე ხდება საწარმოო ობიექტებიდან, რაც გარემოსდაცვით ზედამხედველობას საჭიროებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია ჭიათურის მუნიციპალიტეტი სადაც, საწარმოების მიერ ჩამდინარე წყლებთან ერთად მდ. ყვირილაში დიდი რაოდენობით ჩაედინება მყარი შეწონილი ნაწილაკები და მანგანუმის ნაერთები, რაც ამ მდინარის მნიშვნელოვან დაბინძურებას განაპირობებს. იმერეთის რეგიონში მდინარეები უმეტესწილად გაედინებიან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სიახლოვეს. ორგანული და არაორგანული სასუქების არასწორი გამოყენების შედეგად არსებობს წყლის ობიექტების ორგანული ნივთიერებებით, აზოტისა და ფოსფორის ნაერთებით დაბინძურების რისკი. რეგიონისათვის დამახასიათებელ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებით წყლების დაბინძურება ერთ-ერთი პრობლემური საკითხია.

ტყის დაცვა

2012 წლის მონაცემებით იმერეთის რეგიონში ტყით დაფარული ფართობის 97%-ს ეროვნული სატყეო სააგენტო მართავს, ხოლო დანარჩენი დაცული ტერიტორიების ფარგლებშია. ტყეებში მერქნული და არამერქნული რესურსებით სარგებლობის რაციონალურად რეგულირება ერთ-ერთი გარემოსდაცვითი პრობლემაა. მთის ტყეების ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინებით ცალკეული კატეგორიის ტყის მასივებში მერქნული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობები შეზღუდულია, კერძოდ: საკურორტო ტყეებში, მწვანე ზონის ტყეებში, აღკვეთილებში, ეროვნული პარკებში, ასევე განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში. აქტუალურია, რომ ტყის მდგრადი მართვა და გამოყენება დაიგეგმოს ადგილობრივი თემებისთვის სარგებლის სამართლიანი და თანასწორი განაწილების უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

2013 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ იმერეთის რეგიონში განხორციელდა დაავადებული წაბლნარი კორომების სანიტარული ჭრების ეფექტიანობის შეფასება და ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის და ზესტაფონის სატყეო უბნების კვლევა. ამ მხრივ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღება. 2014 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა ხარაგაულის სატყეო უბნის ტყის მეურნეობის ტაქსაციური აღწერები და მართვის გეგმა. საჭიროა, რომ ასეთი სამუშაო და მართვის გეგმა შესრულდეს ყველა უბნისათვის, რომელთა უმრავლესობა ტყის მოვლისა და აღდგენის ფართომასშტაბიან ღონისძიებებს საჭიროებს.

ნიადაგის ხარისხი

იმერეთის რეგიონში გვხვდება ნიადაგის ეროზიისა და დაბინძურების პრობლემაც. მაგალითად საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს ნიადაგის ეროზიას, სადაც სხვადასხვა მიზეზით ეროზირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწების 5%-მდე. როგორც ჩანს, ეს გარკვეულწილად გადაძოვებას უკავშირდება. ასევე აქ ტყის განაკაფებში ადგილ-ადგილ მეწყრული მოვლენებიც განვითარდა. ნიადაგის დაბინძურების მთავარი მიზეზებია: საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ნარჩენების პირდაპირ გარემოში გადაყრა, გამონაბოლქვი გაზები, სასოფლო სამეურნეო წამლები და ქიმიური სასუქები, ჰაერის დამბინძურებელი მავნე გაზების წვიმის შედეგად მიწაში შერევა და ტყეების განადგურების შედეგად გამოწვული ნიადაგის ეროზია. ნიადაგი განსაკუთრებით დაბინძურებულია ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

 

 

 

 

 

 

 

იმერეთის გარემოსდაცვითი საკითხების SWOT ანალიზი

 

ძლიერი მხარეები

 

სუსტი მხარეები

 

·       გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეებს შორის კოორდინირების მაღალი დონე

·       დაცული ტერიტორიების მართვის გამართული სისტემა

·       არსებული ნაგავსაყრელების მოწესრიგების მიმდინარე პროცესი; ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობა; ნარჩენების სეპარაციის გამოცდილების არსებობა

 

·       ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, წყალარინების სისტემის არარსებობით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებითა და სამრეწველო სექტორის მიერ გარემოს დაბინძურება

·       გარემოს დაბინძურების ხარისხის სუსტი მონიტორინგის სისტემა

·       უკანონო ნაგავსაყრელების არსებობა; ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების, მათ შორის სამრეწველო და საშიში ნარჩენების გაუვნებლობის სისტემის არარსებობა

·       სამრეწველო წარმოებაში მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენება და გერემოსადმი მეგობრულად დამოკიდებული ტექნოლოგიების სიმწირე

·       მოსახლეობის განათლების დაბალი დონე გარემოს დაცვის სფეროში

შესაძლებლობები

 

საფრთხეები

 

·       ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები

·       გარემოზე დატვირთვის შემცირება განახლებადი ენერგეტიკის განვითარებით

·       ბუნებრივი კატაკლიზმები

·       სამრეწველო ავარიები

 

 

იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია გარემოს დაცვითი კუთხით

 

მიზანი 6. ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და მდგრადი გარემოს განვითარება

ამოცანა 6.1.

ბუნებრივი კატასტროფების რისკების, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის და ავარიული სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განსაკუთრებით მოწყვლადი ტერიტორიების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება

ამოცანა 6.2.

კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის საადაპტაციო ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება

ამოცანა 6.3.

წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგის პუნქტებისა და ლაბორატორიების

ინსტალაცია; წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებასთან ბრძოლის ღონისძიებების

განხორციელება და მონიტორინგის რეგულარული ჩატარება

ამოცანა 6.4.

მდინარეების ნაპირსამაგრი ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება

ამოცანა 6.5.

რეგიონის ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება და ქარსაცავი ზოლების აღდგენა

ამოცანა 6.6.

გარემოს დაცვის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება

ამოცანა 6.7.

რეგიონის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარება და მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება

ამოცანა 6.8.

რეგიონის წყლის რესურსების, მათ შორის მინერალური და სხვა წყლების გამოყენების, დაცვისა და მართვისკენ მიმართული ღონისძიებების ხელშეწყობა

ამოცანა 6.9.

ენერგიის ეკონომიურად ხარჯვისა და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად რეგიონში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 2017)

 

შეფასებები და დასკვნები

 

იმერეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიხედვით გარემოს დაცვითი პრობლემების აღნიშვნისას, აღსანიშნავია პროფესიონალური მიდგომა პრობლემებისადმი. სტრატეგიიდან ნათელია, რომ პრობლემები  ნაკლებ მრავალფეროვანია, თუმცა სიმძაფრე  მაღალია. აღსანიშნავია: ჰაერის დაბინძურება, რომელიც დასაშვებზე მაღალია (ძირითადი მიზეზები მანგანუმის, მადნის და ქვანახშირის გამამდიდრებელი საწარმოები და მეტალურგიული ქარხნებია), ასევე, მტვრის მაღალი კონცენტრაცია, განსაკუთრებით, ქ. ქუთაისში, წყლის დაბინძურება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებით, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოშლა და მოძველება, მდ. ყვირილას დაბინძურება მავნე-მომწამვლელი ქიმიური შენაერთებით, ორგანული და არაორგანული სასუქების სიჭარბე, ტყის მართვის გეგმის საჭიროება ყველა უბნისათვის, გადაძოვება, ნიადაგის ეროზია, საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ნარჩენები.

რაც შეეხება სტრატეგიას, იგი მწირია და მოიცავს ერთ ზოგად მიზანს და 9 ამოცანას. მაგ., 6.3 ამოცანა მონიტორინგის საშუალებათა არსებობაზეა ორიენტირებული და არსად არ ჩანს მდგრადი განვითარებისადმი.

საჭიროა, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან, ეფექტიანი მიწის პოლიტიკა, სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმის შემუშავება, მიწის მენეჯმენტი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და პროფესიონალი კადრების მოზიდვა, ასევე, ამ კუთხით განათლების გაზრდა და საზოგადოების ინფორმირება-ჩართულობის ხელშეწყობა.

ბიომრავალფეროვნება და გარემოსდაცვითი საკითხების სიმძაფრე მაღალია, თუმცა სტრატეგიაში ნაკლები ყურადღება მახვილდება გარემოსდაცვით საკითხებზე. ასევე, აღსანიშნავია, სტრატეგიაში საერთო სტანდარტების არ არსებობა და ნაკლები აქცენტები ევროკავშირის სტანდარტებზე.  რაც ყველაზე მთავარია, სტრატეგია არ არის კონკრეტულად კონცენტრირებული მდგრადი განვითარების საკითხებზე. მდგრადი განვითარების საკითხების მნიშვნელობაზე მრავალი ავტორი საუბრობს, კერძოდ Peter Roberts, 2004; (Gibbs   2002,   95), (Fedrigo 1999, 4)  [1]  (Roberts, 2004) შესაბამისად, მეტი აქცენტებია საჭირო მდგრად განვითარებაზე რეგიონული განვითარების კუთხით.

საქართველოს სამთავრობო ქმედებები 2014 წლის სამოქმედო გეგმაში გარემოსდაცვითი კუთხით ძირითადად კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და შემუშავებას მოიცავს. 2017 წლისათვის ჯერ კიდევ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და სამოქმედო პროექტების შექმნა მიმდინარეობს, 2021 წლამდე კი სტრატეგიების მიზნების შესასრულებლად სულ უფრო და უფრო მცირე დრო რჩება. შესაბამისად, რეგიონებს გაცილებით მეტი აქტიურობა მართებთ, ვიდრე ეს სტრატეგიებშია ასახული. (საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, 2014)

გამოყენებული ლიტერატურა:

Annamaria, O. (2005, 02 27). jtor. Retrieved from jstor: http://www.jstor.org/stable/41472028

Haughton, C. D. (2004, 06 06). jstor. Retrieved from jtor: http://www.jstor.org/stable/3451590

Roberts, P. (2004, 06 06). jstor. Retrieved from stor: http://www.jstor.org/stable/3451589

Singh, R. S. (2007, 12 12). jtor. Retrieved from jstor: http://www.jstor.org/stable/41856373

საქართელოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. (2017). სრატეგიოები. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. Retrieved from www.jtr.ge

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017 წლის 12 01). მოპოვებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/parizis-shetanxmeba-klimatis-cvlilebis-shesaxeb-დან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017 წლის 11 01). მოპოვებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/tye-da-biomravalferovneba/-დან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017 წლის 11 01). მოპოვებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/klimatis-cvlileba/-დან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/mdgradi-ganvitareba/

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/haeri/

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/wyali/

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/mica/

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. (2017 წლის 05 01). მოპოვებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: http://www.mrdi.gov.ge/ge/news/rdevelopment-დან

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. (2014, 09 09). Retrieved from საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში: http://www.eu-nato.gov.ge/sites/default/files/AA%20Action%20Plan-2014-Final-GEO.pdf

შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ. (2017 წლის 08 01). მოპოვებული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ: http://www.eu-nato.gov.ge/sites/default/files/AA_BodyText%20%2810%29.pdf-დან

[1] Wealth from waste: local and regional economic development and the environment

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*