ახმეტაში ბიომასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა

in სიახლეები by

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატაანში, შეიქმნა პირველი ბიომასის მწარმოებელი საწარმო, სადაც იწარმოება RUF სტანდარტის საწვავი ბრიკეტები. ბრიკრეტები მიღება  მშრალად, ხე ტყის ნარჩენებსა და ნახერხზე მაღალი წნევის ზემოქმედებით რაიმე დამატებითი შემკვრელის გარეშე. ბრიკეტები გამიზნულია რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებებისა და კერძო მომხმარებლების საწვავით უზრუნველყოფისათვის.

 

საწარმოს დაფუძნების ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“- პროექტის ფარგლებში.

 

საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს ნარჩენი ბიომასის გადამუშავებით ალტერნატიული საწვავი რესურსის დანერგვას და ბუნებრივ ტყეებზე ზეწოლის შემცირებას. ბიომასის საწვავის მდგარად წარმოებას და გამოყენებას  საქართველოში, დაინტერესებული ჯგუფების მოტივაციის გაზრდას ბიომასის საწვავის საწარმოების ახალი პროექტების შემუშავებისათვის, ბიომასის საწვავის პოპულარიზაციას.

 

საქართველოში გავრცელებული ტყის კაფვის დამკვიდრებული პრაქტიკით, მერქნისა და შეშის მოპოვების შემდგომ, 30 სმ დიამეტრზე მცირე ხის ტოტები და მორები რჩება ტყეში. რის გამოც, ხშირად იხერგება ტყის მისასვლელი გზები, მიტოვებულ ტოტებსა და ტყის ნარჩენებზე კი აქტიურდება მცენარეთა დაავადებები და პარაზიტები, რაც შემდგომში დიდი ზიანს აყენებს ტყეების.  ბიომასის საწვავი ბრიკეტების წარმოებისათვის, კი რეკომენდირებულია სწორედ, 8-30 სმ სისქის ხის ტოტები და ნარჩენები, რომლის გამოყენებაც დღეს უკვე შესაძლებელია, როგორც საწარმოო ნედლეული ბიომასის ბრიკეტების წარმოებისათვის.

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს თანათავმჯდომარის  ქ-ნ რუსუდან სიმონიძის განაცხადებით „აღნიშნული საწარმოს წარმატებული ფუნქციონირება ხელს შეუწყობს კახეთში მცხოვრები ოჯახების გათბობის ხარჯების დაზოგვას, ხეების საშეშე მასალად გამოყენების შემცირებას და ტყეებში ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“.

 

გარდა ბიომასის ბრიკეტების მწარმოებელი საწარმოს დაფუძნებისა, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ ასევე შეიძინა ენერგოეფექტური ღუმელები, რომელიც გადაეცა ახმეტის მუნიციპალიტეტს. აღნიშნული ენერგოეფექტური ღუმელები იმუშავებს RUF სტანდარტის საწვავ ბრიკეტებზე და უზრუნველყოფს საბავშვო ბაღის გათბობას 2017 წლიდან.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროექტების განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანას, რითაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოჭრილი ხეების რაოდენობის შემცირებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტი განხორციელდა  გაეროს განვითარების პროექტის  (UNDP)  „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა“ საქართველოში ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*