ბუნებრივი გარემოს კონსერვაციისა და მდგრადობისათვის თემების ინიციატივის ხელშეწყობა საქართველოში

2015-2018 წლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძელქვას“ მიერ, განხორციელდა პროექტის „ბუნებრივი გარემოს კონსერვაციისა და მდგრადობისათვის თემების ინიციატივის ხელშეწყობა საქართველოში“. რომლის მიზანიც იყო ადგილობრივი თემების მიერ ბუნებრივი გარემოს კონსერვაციის ინიციატივის შეფასება საქართველოში (Community Conservation Resilience Initiative (CCRI) Georgia).

პროექტის ფარგლებში იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში შეფასდა ადგილობრივი თემების მიერ, მათი საარსებო ბუნებრივი გარემოს დაცვის ტრადიციები და რეგულირების პრაქტიკა, აგრეთვე თემების, ადამიანთა ჯგუფებისა და ცალკეული ენთუზიასტების ინიციატივები ამ მიმართულებით. პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობაში ჯერ კიდევ მყარი და მტკიცეა საცხოვრისის მიმდებარე ბუნებრივი გარემოს, განსაკუთრებით კი ტყის ცალკეული უბნების დაცვის ტრადიციები.

გაირკვა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ტყის მასიური და უსისტემო ჭრის შედეგად ეს მიდგომები უფრო გაძლიერდა. სამოქალაქო საზოგადოებამ მოახერხა ტყის დაცვის მეთოდების მოდიფიცირებაც, მომეტებული საფრთხისა და ტყის განადგურების რისკების ზრდის პროპორციულად.

ჩატარებულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა დაიცვას ტყე, მათ გააჩნიათ ინიციატივა და სრულიად ნათელი მიზანი, თუმცა ამ ინიციტივათა უდიდესი ნაწილი დღემდე რჩება სურვილებად, რადგანაც:

  1. არ ხდება მათი ინიციატივების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტებისა და ქვეყნის დონეზე;
  2. მათი ინიციატივა მხარდაჭერილი არ არის საკანონმდებლო დონეზე და უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ძალიან ადვილია მათი ინიციატივის დასჯა ადმინისტრაციული და ბევრ შემთხვევაში სისხლის სამრთლის ნორმებითაც კი.
  3. ხშირია შემთხვევები, როცა ცალკეული ბიუროკრატები ტყის დაცვის მიზნით მოქალაქეების ინიციატივას იყენებენ თანასოფლელებთან თუ სხვა მოქალაქეებთან მათ დასაპირისპირებლად და მათ შორის ქმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს;
  4. ტყეების მართვის სრულმა ცენტრალიზაციამ მოქალაქეებს გადაუჭრა ყველა გზა ტყისა და ტყის რესურსების მართვაში მონაწილეობისაკენ;
  5. უამრავი ფაქტია ისეთი, როცა ტყის მიმდებარედ მცხოვრები პირი მისგან 1 და 2 კილომეტრში მდებარე ტყის რესურსების გასხვისების თაობაზე ინფორმაციას იღებს მხოლოდ მაშინ, როცა ტყეში ამუშავდება მძლავლი ტექნიკური საშუალებები და სხვა.

ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების განკარგის საქმეს, სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო დააცილა სოფლისა და თემის დონეზე თვითმმართველობის გაუქმებამ.

პროექტი საქართველოში ხორციელდება გერმანიის მთავრობისა, ქრისტენსენის ფონდისა და გლობალური სატყეო კოალიციის (GFC) ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც თავის მხრივ, სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, წლების განმავლობაში მუშაობს ამ თემაზე და საკმაოდ შედეგიანადაც. გარდა CCRI პროექტისა, გლობალური სატყეო კოალიციის ხელშეწყობით საქართველოში ხორციელდება ქალები2030 (Women2030) პროექტი, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საინფორმაციო კამპანიას გულისხმობს სამოქალაქო, სათემო და ქალთა ორგანიზაციებისთვის.

გლობალური სატყეო კოალიცია, თავის აქტივობებს, ახორციელებს თითქმის ყველა კონტინენტზე და მასში უკვე გაერთიანებულია 68 ქვეყნის 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია.

გლობალური სატყეო კოალიციის ფინანსური, მეთოდოლოგიური და ტექნიკური მხარდაჭერით ათეულობით ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადგილობრივმა თემებმა და ადამიანთა ცალკეულმა ჯგუფებმა გააძლიერეს და გააუმჯობესეს მიმდებარე ბუნებრივი გარემოს დაცვისა და კონსერვაციის ხარისხი, გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი, განვითარდა ინიციატივები და სხვა. საქართველოდან გლობალური სატყეო კოალიციის წევრები არიან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და  არასამთავრობო ორგანიზაცია „ძელქვა“.

პოლიტიკის რეკომენდაცია: საქართველოს მთავრობამ (დაცული ტერიტორიების სააგენტომ) უნდა ცნოს ადგილობრივი თემების მიერ დაცული ტერიტორიები და მიანიჭოს დაცული ტერიტორიების სპეციალური სტატუსი, რითიც თემებს მიანიჭებს გარკვეულ პრივილეგიებს თავიანთ მიწაზე, რომლებიც დაცულია მათი და მათი წინაპრების მიერ.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*