საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის მიმოხილვა

საქართველოში გარემოს დაცვა კონსტიტუციითაა გარანტირებული.

გარემოს დაცვის კონსტიტუციურმა გარანტიებმა 2017 წელს გარკვეული ცვლილებები განიცადა 1995 წლის კონსტიტუციის ფორმულირებასთან  მიმართებაში, თუმცა, ამ ცვლილებებით მისი შინაარსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა .

2018 წლის ნოემბრიდან ძალაში შევა კონსტიტუციური ნორმა:

მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება

  1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს კანონი.
  2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარება უზრუნველყოფილია კანონით.

მსგავსი შინაარსის საკონსტიტუციო ნორმები საქართველოში 1995 წლიდან მოქმედებს და ასეთი ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქართველო ენთუზიაზმით აღიარებდა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის საქმეში მსოფლიო განვითარებული ქვეყნების პოლიტიკას და მას მხარს უჭერდა შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელიც მიღებული იქნა 1992 წლის 9 მაისს (ე.წ. რიოს კონვენცია) და ამოქმედდა 1994 წლის 24 მარტს, საქართველომ აღიარა და რატიფიკაცია გაუკეთა იმავე წლის 16 მაისს  (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მაისის N 302 დადგენილება).

კიოტოს ოქმი, რომელიც მიღებული იქნა 1997 წლის 11 დეკემბერს (ძალაში შევიდა 2005 წლის 16 თებერვალს), საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა 1999 წლის 28 მაისს (საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 28 მაისის დადგენილება #1995-IIს) და ა.შ.

 

საქართველო წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დანართ I-ში არჩართულ ქვეყანას.

საქართველომ, აღიარა თითქმის ყველა გარემოსდაცვითი საერთაშორისო შეთანხმება და  წარმოადგენს კონვენციის თუ ოქმის მხარეს.

2010 წლიდან ქვეყნის დიდმა ქალაქებმა დაიწყეს ჩართვა მერების შეთანხმების (COM) განხორციელებაში და ამჟამად 17-მდე ქალაქია მასში ჩართული.

2010 წელს შევუერთდით კოპენჰაგენის შეთანხმებას და განვაცხადეთ – „საქართველო გადადგამს ნაბიჯებს, რათა მიაღწიოს გაზომვად, ანგარიშგებით და შემოწმებით (MRV) გადახრას საბაზისო სცენარიდან, რომელიც მხარდაჭერილი და უზრუნველყოფილი იქნება ფინანსებით, ტექნოლოგიებითა და შესაძლებლობების შექმნით“.

 

2016 წლის 1 ივლისიდან სრულყოფილად შევიდა ძალაში ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა იქონია კლიმატის ცვლილების პოლიტიკის თანმიმდევრულობისა და გააქტიურების საქმეში.

საქართველო, 2017 წლის 7 ივნისს, ოფიციალურად შეუერთდა 2015 წლის 12 დეკემბრის პარიზის შეთანხმებას.

 

საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად:

  • საქართველოში სათბურის გაზების პირველი ინვეტარიზაცია 1980-1996 წლების მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა საქართველოს პირველი ეროვნული შეტყობინების მომზადების ფარგლებში (FNC, 1997-1999 წწ.);
  • მეორე ეროვნულმა შეტყობინებამ (SNC, -15- 2006-2009 წწ.) მოიცვა 1998-2006 წლები;
  • მესამე ეროვნული შეტყობინების (TNC, 2012-2015 წწ.) ფარგლებში განხორციელდა 2007-2011 წლების ინვენტარიზაცია;
  • 2010-2013 წლების სათბურის გაზების ინვენტარიზაცია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი პირველი ორწლიური განახლებული ანგარიშისთვის მომზადდა 2015-2016 წლებში;
  • მოხდა 2010-2011 წლების შედეგების გადათვლა სხვადასხვა სექტორისთვის;
  • ამჟამად მიმდინარეობს მეოთხე ეროვნული შეტყობინების მზადების პროცესი.

2015 წლის სექტემბერში,  გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას,  საქართველომ წარუდგინა ,,ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი-ს დოკუმენტი (INDC), რომლის მიხედვითაც საქართველო გეგმავს 2030 წლისთვის უპირობოდ შეამციროს სათბურის გაზების გაფრქვევები 15%-ით, ტრადიციული ბიზნესის (BAU) სცენარის დონის ქვემოთ. ეს 15% შესაძლოა 25%-მდე გაიზარდოს დაბალი ღირებულების ფინანსურ რესურსებზე და ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

შემუშავდა არაერთი სახელმწიფო სამოქმედო გეგმა და მიმდინარეობს მათი განხორციელება ასოცირების ხელშეკრულების პირობებისა და ამ ხელშეკრულებაში დადგენილი ვადების მიხედვით:

  • შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა (2107-2021წ.წ.);
  • შეფასდა კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოს მოწყვლადობა;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარების ფარგლებში ხორციელდება პროექტის (საქართველოსა და მოლდოვასათვის) კლიმატის ცვლილების სფეროში ევროკავშირის მიერ დასახულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.(EaP CLIMATE);
  • საქართველოს მთავრობა მოამზადებს ანგარიშებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ;
  • 2017 წელს მომზადდა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა სოფლის მეურნეობისათვის;
  • ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დახმარებით 2020 წელს დასრულდება „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესახებ“ დოკუმენტის შემუშავება, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს 2015 წლის დეკემბერში პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილებებთან, კოპენჰაგენის შეთანხმებასა და ლიმას კონფერენციის მოთხოვნებთან;
  • ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით მომზადდა დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია (Low Emission Development Strategy – LEDS);
  • საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების მზადების პროცესში, ჩატარდა კვლევა „კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა კახეთში“;

 

  • დასრულების ფაზაშია კანონპროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“;
  • მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე „განახლებადი ენერგიების შესახებ“

 

  • გაიხსნა დებატები საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენაზე;
  • გაიხსნა დებატები „კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობა“;
  • სამეცნიერო წრეები იკვლევენ თემებს „კლიმატის ცვლილება და წყალდიდობის რისკები“;
  • არაერთი კონფერენცია მიეძღვნა თემას „კლიმატის ცვლილება და საქართველოს პოლიტიკა“;

 

  • და სხვა.

 

განვლილ პერიოდში საქართველომ შეიმუშავა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის არაერთი სახელმწიფო პროგრამა და პროექტი, გარკვეულ ძალისხმევას ახმარდა მათ განხორციელებასაც:

  • საქართველო აქტიურადაა ჩართული ,,ეროვნულ დონეზე მისაღები შემარბილებელი ღონისძიებების“ (NAMA) პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში. ამ ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა ან შემუშავების პროცესშია ოთხი NAMA.
  • გერმანიის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GiZ) მიერ განხორციელებული პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
  • ევროკავშირმა (EU) დაიწყო მერების შეთანხმების (COM) პროცესი, რომელშიც ხელმომწერი ქალაქები პირობას დებენ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე 2020 წლისთვის 20%-ით შეამცირებენ ემისიას. 2016 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს 17 ქალაქს აქვს ხელი მოწერილი ინიციატივაზე.
  • 2015 წლიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ენერგეტიკის სამინისტრომ დაწყო და 2017 წელს წარადგინა საქართველოს ენერგო-ეფექტურობის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა. ეს გეგმა განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ღონისძიებებს და მოსალოდნელ ენერგო დანაზოგებს ყველა სექტორში;
  • მიმდინარეობს მუშაობა ენერგოეფექტურობის კანონის პროექტზე;
  • იგეგმება კანონის პროექტის მომზადება განახლებად ენერგიებზე
  • და სხვა.

 

კლიმატის ცვლილების გამოწვევები აისახა დარგობრივ კანონმდებლობაში:

  • საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ (მიღებულია 2014 წლის 26 დეკემბერს #2994-რს);
  • საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ (მიღებულია 2017 წლის 1 ივნისს #890-IIს).

საქართველოს მთავრობამ გამოსცა არაერთი დადგენილება ინსტრუქციებისა და ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;

ასოცირების შეთახმების სამოქმედო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა გარემოსდაცვით, მ.შ. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და სხვა სახის ნორმატიული აქტის პროექტების მოსამზადებლად.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.

*