Category archive

განცხადებები

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაძლო რეორგანიზაციის თაობაზე

in განცხადებები by

გარემოსდაცვითი პოლიტიკის განმახორციელებელი უწყება, როგორც სახელმწიფო მარეგულირებელი ფუნქციის მქონე ინსტიტუცია – სამინისტრო  არ უნდა დაიშალოს და მისი ექსკლუზიური ფუნქციები სხვადასხვა უწყებებში არ უნდა გადანაწილდეს.

 

ყველა დანარჩენი სამინისტროს პოლიტიკური მიზნები, რომელიც გამოიხატება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრაში განაპირობებენ მათ ამოცანებს, ისინი გარემოს კომპონენტების სარგებლობაზე ორიენტირებული უწყებებია, ანუ ბუნებრივი რესურსების მოხმარება რაოდენობრივი თვალსაზრისით და გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიები  მათი რეგულაციების თანმდევი და შედეგობრივი მოვლენაა.

 

საკმარისია ამ სამინისტროებში გარემოსდაცვითი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს ფუნქცია გავაჩინოთ, ან მექანიკურად შევაერთოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სხვა სამინისტროების სტრუქტურები წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი და ამ კონფლიქტის პროცესში, როგორც გამოცდილება გვკარნახობს დაზიანდება გარემო,  შედეგად  უდიდესი ზარალი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას  და  მნიშვნელოვნად   შეილახება  ახლანდელი  და  მომავალი  თაობების  ინტერესები.

ქვეყანა, რომელიც ოცდაცამეტი საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციისა და შეთანხმების, აგრეთვე საქართველო – ევროკავშირის შესახებ ასოცირების შეთანხმების განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზეა ორიენტირებული, აუცილებლად საჭიროებს ერთი დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი სახელმწიფო მარეგულირებელი ფუნქციის მქონე ინსტიტუციის – სამინისტროს არსებობას, რომელიც ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოზე დასაშვები ზემოქმედების უზრუნველსაყოფად და მათთან ერთად განახორციელებს ქვეყნის სწრაფ და წარმატებულ განვითარებას.

 

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების განცხადება

in განცხადებები by

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია სამთავრობო
რეორგანიზაცია. მათ შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს, როგორც სახლმწიფო მმართველობითი ინსტიტუციის, გაუქმება და
მისი ფუნქციების სხვადასხვა უწყებებსა და სამინისტროებზე გადანაწილება და ეს
მაშინ, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკის
ფარგლებში საქართველო აღებული აქვს ვალდებულება, მოახდინოს გარემოს
დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის
შესაბამის კანონმდებლობასთან.
გამორიცხულია ამ ვალდებულების სათანადოთ შესრულება, თუ სახელმწიფოში
არ იარსებებს ამ ვალდებულების შესრულებაზე პასუხიმგებელი კონკრეტული,
ერთი დამოუკიდებელი სამთავრობო ინსტიტუცია. გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება და მისი ფუნქციების სხვა უწყებებზე
გადანაწილება, ამ ფუნქციების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელს გახდის
მათი მხრიდან ამ ვალდებულების სრულ და განუხრელ შესრულებას.
ამ რეფორმით მოხდება გარემოს ინტერესების ნიველირება და გარემოსდაცვითი
პოლიტიკის უწყებრივი ინტერესებისადმი დაქვემდებარება, რაც თავის მხრივ
ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კიდევ უფრო დაამძიმებს
საქართველოში გარემოსდაცვით უკვე არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას.
ამ ნაბიჯით, საქართველოს მთავრობა ფაქტიურად უარს ამბობს გარემოსდაცვითი
პოლიტიკის განხორციელების მთავარ ინსტრუმენტზე, უარს ამბობს განვითარების
ევროპულ გზაზე და წინააღმდეგობაში შედის ევროკავშირის
კანონმდებლობასთან.

 

მწვანეთა მოძრაობის განცხადება

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველოს განცხადება კონსტიტუციის პროექტის გავრცელებული ვერსიის გამო

in განცხადებები by

საქართელოს კონსტიტუცის პროექტის გავრცელებულ ვერსიაში ბუნებრივი გარემოსადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება შემდეგნაირადაა ფორმულირებული:

მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება

  1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს კანონი.
  2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარება უზრუნველყოფილია კანონით.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა გამოთქვამს ღრმა რწმენას, რომ საკონსტიტუციო კომისია არ გაიზიარებს ასეთ ფორმულირებას,  რადგანაც ეს,  სახელმწიფოს მხრიდან, იქნებოდა პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობა და უკუსვლა მაშინ, როცა მთელი პალნეტა უმწვავესი ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას.

გავრცელებული ვერსიის ავტორები ალბათ თვლიან, რომ გარემოს დამცველთა მრავლათასიანი არმია და მთელი საზოგადოება მადლიერი უნდა იყოს იმისათვის, რომ გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს მდგრადობის თემებს განიხილავენ კანონის და არა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის რეგულირების სფეროდ, მაგრამ ეს ჩვენ არც გვახარებს და არც გვაკმაყოფილებს.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ, კონსტიტუციის დონეზე, შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გააძლიეროს პასუხისმგებლობა ზოგადად გარემოს დაცვაზე.

ჩვენ მოვითხოვთ:

მოქმედი კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები შენარჩუნდეს უცვლელად და მათ დაემატოს შემდეგი შინაარსის ფრაზები:

  1. გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარების პრინციპები და კონცეფცია (პოლიტიკა) განისაზღვრება ორგანული კანონით;
  2. სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობას;
  3. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის ეკოლოგიურ განათლებას.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები აცხადებს სტატიების მიღებას სტუდენტებისაგან ეკოლოგიურ/გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით

in განცხადებები/სიახლეები by

სტატიების გადმოგზავნა შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის, ნებისმიერი ფაკულტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს.

სტატიის თემატიკა უნდა ეხებოდეს ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.  შექმენით და განავრცეთ თემა თქვენი სურვილისამებრ, წერის სტილის არჩევანშიც სტატიის ავტორებს ვთავაზობთ სრულ თავისუფლებას.

სტატიის ავტორმა უნდა გამოაგზავნოს:

  • სრული სტატია ქართულ ენაზე. გამოყენებული სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა 3000, მინიმალური კი – 1500. სტატიას ბოლოში უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.
  • სტატიის თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული: სტატიის სრული სათაური, ასევე სტატიის ავტორის სახელი, გვარი, დაწერის თარირი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სწავლების საფეხური, საკონტაქტო ინფორმაცია(ტელეფონი, ელ.ფოსტა).

სტატიის გაფორმების სავალდებულო წესები:

  • ქართული ტექსტისთვის ფონტი Sylfaen, ზომა 12 , სტრიქონებს შორის დაშორება 1,5.
  • სავალდებულოა,რომ მასალების გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject Line) ავტორმა მიუთითოს: Write Green

 

 

ყველა მასალა ავტორმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: writegreen@greens.ge

მასალების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2017 წლის 20 თებერვალი,18:00 სთ. რეცენზირებული სტატიები გამოვლინდება 25 თებერვალს და განთავსდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Greens.ge –ზე.

გამოსაქვეყნებელი სტატიები  შერჩეულ იქნება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ექსპერტების მიერ, დაგვიანებული ან არათემატური სტატიები არ განიხილება. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე.(writegreen@greens.ge)

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების პოზიციათა დეკლარაცია 2012 წელი

in განცხადებები by

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების პოზიციათა დეკლარაცია 

საქართველოში ენერგიის განახლებადი  წყაროების ეფექტურად გამოყენებისა და

ენერგოეფექტურობის არსებული დონის მკვეთრად გაუმჯობესების აუცილებლობის  თაობაზე

ენერგეტიკა ის სფეროა, რომელიც ზეგავლენას ახდენს როგორც მთლიანად ქვეყნების, ასევე თითოეული ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტზე. მისი ხვედრითი წილი მნიშვნელოვანია ყველა დონეზე – მთლიანი შიდა პროდუქტიდან დაწყებული და  ყოფითი პირობებით დამთავრებული.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ დეკლარაციაზე ხელმომწერი საქართველოს არასამთავრობო (საზოგადოებრივი) ორგანიზაციები, ექსპერტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები გრძნობენ რა პასუხისმგებლობას და ეყრდნობიან რა საკუთარ გამოცდილებასა და დაზუსტებულ ინფორმაციას:

  • გამოთქვამენ შეშფოთებას ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ეფექტურად და ჯეროვნად ათვისების უაღრესად დაბალი დონის გამო საქართველოში;
  • გამოთქვამენ უკმაყოფილებას როგორც გენერირების, ასევე გადაცემისა და მოხმარების ეტაპებზე ენერგიის განიავების დამკვიდრებული ტენდენციის, ენერგოეფექტურობის მიღწევის თაობაზე ფასადური ხასიათის იდეების, განცხადებების დეკლარირებისა და პრაქტიკულ საქმიანობაში არსებული უმოქმედობის გამო;
  • ამ ფონზე, კატეგორიულად არ ეთანხმებიან ენერგეტიკული დანიშნულებით საქართველოს მდინარეების ჰიდროპოტენციალის ათვისების მიზნით გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გაუაზრებელ პოლიტიკას და მიაჩნიათ, რომ ყოველივე ეს ხორციელდება ეკოლოგიური, სოციალური, დემოგრაფიული და კულტურული რისკების კატასტროფულად ზრდის ხარჯზე;
  • თანხმდებიან რა იმაზე, რომ ენერგოუზრუნველყოფა ქვეყნის უსაფრთხოების ერთ–ერთი უმთავრესი კომპონენტია, მიაჩნიათ, რომ ჰიდროპოტენციალის გონივრულად ათვისების პარალელურად, მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს განახლებადი არატრადიციული წყაროებიდან ენერგიის გენერირებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი რეზერვების ამოქმდების ღონისძიებები;
  • კატეგორიულად არ ეთანხმებიან არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით საკანონმდებლო ნორმების შემოღება ზედმეტად დაამძიმებს მოქალაქეების სოციალურ და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას;
  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმოადგენს ამ საკითხების მარეგულირებელი არაერთი საერთაშორისო შეთანხმების ხელმომწერ მხარეს, მიაჩნიათ, რომ ამ მიმართებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მინიმალურადაც ვერ პასუხობს მათ მიერვე აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს;
  • შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ყოველდღიურად და უკვე საკანონმდებლო დონეზეც, ირღვევა ენერგეტიკული ქარტიის ფუნდამენტური პრინციპი – ენერგოუზრუნველყოფა განხორციელდეს ბუნებრივ გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების გზით – და ქვეყნის ეკოსისტემებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი პროექტები ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების ჯეროვანი შეფასების გარეშე;
  • უკმაყოფილებას გამოთქვამენ სახელმწიფო (საბიუჯეტო) სექტორის მიერ მოხმარებული ენერგორესურსების აღრიცხვის, სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალეობის  საქმეში არსებული ბიუროკრატიული ბარიერების გამო;
  • მოითხოვენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გათავისუფლდეს პოლიტიკური, მონოპოლიური და ყოველგვარი სხვა ზეწოლისაგან;
  • აცნობიერებენ რა ქვეყნის ენერგობალანსში ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში არსებული რეზერვების პოტენციურ წილს, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიის გიგანტური ჰიდროელექტროსადგურებით დაფარვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეს;

მიმართავენ  მსოფლიო თანამეგობრობას:

ა) ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს მთავრობაზე ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ეფექტურად ათვისების უზრუნველყოფისა და ენერგოეფექტურობის სათანადო დონის მიღწევის, აგრეთვე მიღწეული შედეგების მუდმივად გაუმჯობესების მიზნით;

ბ) საქართველოს აღმოუჩინონ ფინანსური, მატერიალური, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მხარდაჭერა არსებული მდგომარეობის უმოკლეს პერიოდში რადიკალურად შეცვლის  მიზნით.

დარწმუნებულნი არიან რა, რომ საქართველოს სახელმწიფომ გადაუდებლად უნდა განახორციელოს  ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ათვისების გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეფექტური ღონისძიებები და რადიკალურად უნდა შეცვალოს  ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით არსებული გაუმართლებელი პოლიტიკა, მიმართავენ საქართველოს მთავრობას:

  • დაუყოვნებლივ გადაიხედოს „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება და საერთაშორისო ვალდებულებებისა და ამ დეკლარაციის, აგრეთვე ქვეყნის მთელი საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებულ და მიღებულ იქნას ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელსაც ექნება ლეგიტიმაციის უფრო მაღალი რანგი, ვიდრე პარლამენტის დადგენილებაა და რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ენერგოეფექტურობის სფეროს;
  • შემუშავებული ენერგეტიკული პოლიტიკიდან გამომდინარე და გერმანიის გამოცდილების გათალისწინებით, გადაუდებლად იქნას მიღებული ისეთი ხელშემწყობი საკანონმდებლო აქტები, როგორიცაა:
    • ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ეფექტურად გამოყენების შესახებ;
    • ენერგოეფექტურობის შესახებ;
    • საქართველოს სამშენებლო კოდექსი;
    • ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებების წარმოებისა და იმპორტის რეგულირების თაობაზე;
    • ტექნიკური რეგულირების შესახებ, სადაც გათვალისწინებული იქნება ენერგომოხმარებისა და ენერგოდანაკარგების შემცირების, აგრეთვე დამატებითი ენერგიის გენერირების სტიმულირების მექანიზმები.
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ქმედითი გახადოს მის მიერვე 2008 წლის 18 სექტემბერს მიღებული #23 დადგენილების მუხლი 3–ის ა.ბ) პუნქტი – ენერგეტიკული ობიექტების ყოველწლიური ვალდებულების თაობზე „ტექნიკური ანგარიშის“ რეგულარულად წარდგენასთან დაკავშირებით – და საჯარო გახადოს ამ ანგარიშების ანალიზის შედეგები, ასეთი ვალდებულება გავრცელდეს საბიუჯეტო დაწესებულებსა და ენერგიის მსხვილ მომხმარებლებზე;
  • რეალური ნაბიჯები გადადგას ე.წ. „მერების შთანხმებით“  აღებული პრიორიტეტული ვალდებულებების შესასრულებლად და არ შემოიფარგლოს უმნიშვნელო გადაწყვეტილებებით;
  • უზრუნველყოს ენერგეტიკის სფეროში შემავალი სხვადასხვა მხარის კანონიერი ინტერესების დასაბუთებული და სამართლიანი გაწონასწორება;
  • ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას დარგის არაპროფესიონალური და არასპეციალისტი კადრებით დაკომპლექტების მავნე პრაქტიკაზე;
  • სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პრინციპულად დასვას საკითხი ენერგეტიკის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თაობაზე და მიაღწიოს პოზიტიურ შედეგებს;
  • დაუყოვნებლივ დასვას საკითხი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ შესაძლო გადავადების თაობაზე არსებული კანონის გაუქმების შესახებ;
  • გადაუდებლად იზრუნოს ქვეყანაში მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ტესტირების, გამოცდის, მარკირებისა და ამავე მიზნით მონიტორინგის განხორციელების მატერიალური ბაზის შესაქმნელად;
  • განსაკუთრებული ძალისხმევა მოახმაროს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას, მის ინფორმირებულობას, ფართო პროპაგანდა გაუწიოს ამ მიმართებით მსოფლიოში აპრობირებულ არაერთ კამპანიას.

დეკლარაციაზე  ხელმომწერ პირებს მიაჩნიათ, რომ ენერგეტიკის სფეროს რეგულირებაში, სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კი გადამწყვეტი  ზეგავლენა შეიძლება იქონიოს თითოეული ჩვენთაგანის გააზრებულმა,  პრინციპულმა პოზიციამ და ქმედებამ, რის გამოც  მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებას და საზოგადოებრივ   ორგანიზაციებს:

  • ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების გამოყენებისა და ენერგიის ეფექტურად ხარჯვის თვალსაზრისით სამთავრობო სტრუქტურების უმოქმედობას დავუპირისპიროთ მაღალი სამოქალაქო აქტივობა და პრინციპულობა;
  • მოვახდინოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების რესურსების მობილიზება და ძალების კონცენტრირება ზემოხსენებულ საკითხებზე;
  • შევიმუშაოთ კონკრეტულ ღონისძებათა ერთობლივი სამოქმედო გეგმა და ვიზრუნოთ მისი ეტაპობრივი განხორციელებისათვის;
  • დავგეგმოთ ერთობლივი აქციები და სხვა ღონისძებები, ვიზრუნოთ კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

ხელმომწერები:

 

  1. რუსუდან სიმონიძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
  2. ნანი მეფარიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  3. თამაზ ვაშაკიძე – საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი
  4. ნელი ვერულავა – ენერგოეფექტურობის ცენტრი
  5. მანანა ლოქაფიშვილი – ინტელექტი ქვეყნის სამსახურში
  6. გურამ სიმონიშვილი – ინტელექტი ქვეყნის სამსახურში
  7. სულხანი იაშვილი – ემეტცენტრი
  8. დავით გაბუნია – ტექინფორმი
  9. ივანე ჩოლოყაშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი
  10. გიორგი მელიქაძე – საქართველოს გეოთერმული ასოციაცია
  11. ბაადურ ჩხაიძე – ენერგო–ინჟინერთა ასოციაცია
  12. ნანა ბეგალიშვილი – სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative
  13. ვახტანგ ზარქუა – ენერგოეფექტურობის ფონდი
  14. ამირან გიგინეიშვილი – ევროპის კავშირის პროგრამა „პეგასოს“ საქართველოს კოორდინატორი
  15. ნუგზარ თათეშვილი – საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი
  16. მანანა დევიძე – ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“
  17. გრიგოლ (გია) აბრამია – გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევის ცენტრი
  18. კახა ნადირაძე – პრეზიდენტი, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
  1. პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

  1. როსტომ გამისონია – სოფლად თემთა განვითარების სააგენტო
  2. ბესიკ კალანდაძე – საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია
გადასვლა ზემოთ