Category archive

სტატიები

საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის მიმოხილვა

საქართველოში გარემოს დაცვა კონსტიტუციითაა გარანტირებული.

გარემოს დაცვის კონსტიტუციურმა გარანტიებმა 2017 წელს გარკვეული ცვლილებები განიცადა 1995 წლის კონსტიტუციის ფორმულირებასთან  მიმართებაში, თუმცა, ამ ცვლილებებით მისი შინაარსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა .

2018 წლის ნოემბრიდან ძალაში შევა კონსტიტუციური ნორმა:

მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება

  1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს კანონი.
  2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარება უზრუნველყოფილია კანონით.

მსგავსი შინაარსის საკონსტიტუციო ნორმები საქართველოში 1995 წლიდან მოქმედებს და ასეთი ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქართველო ენთუზიაზმით აღიარებდა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის საქმეში მსოფლიო განვითარებული ქვეყნების პოლიტიკას და მას მხარს უჭერდა შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელიც მიღებული იქნა 1992 წლის 9 მაისს (ე.წ. რიოს კონვენცია) და ამოქმედდა 1994 წლის 24 მარტს, საქართველომ აღიარა და რატიფიკაცია გაუკეთა იმავე წლის 16 მაისს  (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მაისის N 302 დადგენილება).

კიოტოს ოქმი, რომელიც მიღებული იქნა 1997 წლის 11 დეკემბერს (ძალაში შევიდა 2005 წლის 16 თებერვალს), საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა 1999 წლის 28 მაისს (საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 28 მაისის დადგენილება #1995-IIს) და ა.შ.

 

საქართველო წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დანართ I-ში არჩართულ ქვეყანას.

საქართველომ, აღიარა თითქმის ყველა გარემოსდაცვითი საერთაშორისო შეთანხმება და  წარმოადგენს კონვენციის თუ ოქმის მხარეს.

2010 წლიდან ქვეყნის დიდმა ქალაქებმა დაიწყეს ჩართვა მერების შეთანხმების (COM) განხორციელებაში და ამჟამად 17-მდე ქალაქია მასში ჩართული.

2010 წელს შევუერთდით კოპენჰაგენის შეთანხმებას და განვაცხადეთ – „საქართველო გადადგამს ნაბიჯებს, რათა მიაღწიოს გაზომვად, ანგარიშგებით და შემოწმებით (MRV) გადახრას საბაზისო სცენარიდან, რომელიც მხარდაჭერილი და უზრუნველყოფილი იქნება ფინანსებით, ტექნოლოგიებითა და შესაძლებლობების შექმნით“.

 

2016 წლის 1 ივლისიდან სრულყოფილად შევიდა ძალაში ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა იქონია კლიმატის ცვლილების პოლიტიკის თანმიმდევრულობისა და გააქტიურების საქმეში.

საქართველო, 2017 წლის 7 ივნისს, ოფიციალურად შეუერთდა 2015 წლის 12 დეკემბრის პარიზის შეთანხმებას.

 

საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად:

  • საქართველოში სათბურის გაზების პირველი ინვეტარიზაცია 1980-1996 წლების მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა საქართველოს პირველი ეროვნული შეტყობინების მომზადების ფარგლებში (FNC, 1997-1999 წწ.);
  • მეორე ეროვნულმა შეტყობინებამ (SNC, -15- 2006-2009 წწ.) მოიცვა 1998-2006 წლები;
  • მესამე ეროვნული შეტყობინების (TNC, 2012-2015 წწ.) ფარგლებში განხორციელდა 2007-2011 წლების ინვენტარიზაცია;
  • 2010-2013 წლების სათბურის გაზების ინვენტარიზაცია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი პირველი ორწლიური განახლებული ანგარიშისთვის მომზადდა 2015-2016 წლებში;
  • მოხდა 2010-2011 წლების შედეგების გადათვლა სხვადასხვა სექტორისთვის;
  • ამჟამად მიმდინარეობს მეოთხე ეროვნული შეტყობინების მზადების პროცესი.

2015 წლის სექტემბერში,  გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას,  საქართველომ წარუდგინა ,,ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი-ს დოკუმენტი (INDC), რომლის მიხედვითაც საქართველო გეგმავს 2030 წლისთვის უპირობოდ შეამციროს სათბურის გაზების გაფრქვევები 15%-ით, ტრადიციული ბიზნესის (BAU) სცენარის დონის ქვემოთ. ეს 15% შესაძლოა 25%-მდე გაიზარდოს დაბალი ღირებულების ფინანსურ რესურსებზე და ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

შემუშავდა არაერთი სახელმწიფო სამოქმედო გეგმა და მიმდინარეობს მათი განხორციელება ასოცირების ხელშეკრულების პირობებისა და ამ ხელშეკრულებაში დადგენილი ვადების მიხედვით:

  • შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა (2107-2021წ.წ.);
  • შეფასდა კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოს მოწყვლადობა;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარების ფარგლებში ხორციელდება პროექტის (საქართველოსა და მოლდოვასათვის) კლიმატის ცვლილების სფეროში ევროკავშირის მიერ დასახულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.(EaP CLIMATE);
  • საქართველოს მთავრობა მოამზადებს ანგარიშებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ;
  • 2017 წელს მომზადდა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა სოფლის მეურნეობისათვის;
  • ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დახმარებით 2020 წელს დასრულდება „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესახებ“ დოკუმენტის შემუშავება, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს 2015 წლის დეკემბერში პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილებებთან, კოპენჰაგენის შეთანხმებასა და ლიმას კონფერენციის მოთხოვნებთან;
  • ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით მომზადდა დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია (Low Emission Development Strategy – LEDS);
  • საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების მზადების პროცესში, ჩატარდა კვლევა „კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა კახეთში“;

 

  • დასრულების ფაზაშია კანონპროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“;
  • მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე „განახლებადი ენერგიების შესახებ“

 

  • გაიხსნა დებატები საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენაზე;
  • გაიხსნა დებატები „კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობა“;
  • სამეცნიერო წრეები იკვლევენ თემებს „კლიმატის ცვლილება და წყალდიდობის რისკები“;
  • არაერთი კონფერენცია მიეძღვნა თემას „კლიმატის ცვლილება და საქართველოს პოლიტიკა“;

 

  • და სხვა.

 

განვლილ პერიოდში საქართველომ შეიმუშავა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის არაერთი სახელმწიფო პროგრამა და პროექტი, გარკვეულ ძალისხმევას ახმარდა მათ განხორციელებასაც:

  • საქართველო აქტიურადაა ჩართული ,,ეროვნულ დონეზე მისაღები შემარბილებელი ღონისძიებების“ (NAMA) პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში. ამ ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა ან შემუშავების პროცესშია ოთხი NAMA.
  • გერმანიის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GiZ) მიერ განხორციელებული პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
  • ევროკავშირმა (EU) დაიწყო მერების შეთანხმების (COM) პროცესი, რომელშიც ხელმომწერი ქალაქები პირობას დებენ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე 2020 წლისთვის 20%-ით შეამცირებენ ემისიას. 2016 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს 17 ქალაქს აქვს ხელი მოწერილი ინიციატივაზე.
  • 2015 წლიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ენერგეტიკის სამინისტრომ დაწყო და 2017 წელს წარადგინა საქართველოს ენერგო-ეფექტურობის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა. ეს გეგმა განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ღონისძიებებს და მოსალოდნელ ენერგო დანაზოგებს ყველა სექტორში;
  • მიმდინარეობს მუშაობა ენერგოეფექტურობის კანონის პროექტზე;
  • იგეგმება კანონის პროექტის მომზადება განახლებად ენერგიებზე
  • და სხვა.

 

კლიმატის ცვლილების გამოწვევები აისახა დარგობრივ კანონმდებლობაში:

  • საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ (მიღებულია 2014 წლის 26 დეკემბერს #2994-რს);
  • საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ (მიღებულია 2017 წლის 1 ივნისს #890-IIს).

საქართველოს მთავრობამ გამოსცა არაერთი დადგენილება ინსტრუქციებისა და ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;

ასოცირების შეთახმების სამოქმედო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა გარემოსდაცვით, მ.შ. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და სხვა სახის ნორმატიული აქტის პროექტების მოსამზადებლად.

დასკვნა „საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცლილებების მონიტორინგი და ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-პროექტის ფარგლებში

დასკვნა წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროების შერწყმის შედეგად გარემოს დაცვის ინტერესების შერბილებისა და მაღალი ეკონომიკური შედეგების  მიღწევის ინტერესებისადმი მისი დაქვემდებარების ფაქტების ნუსხას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითზე.

არსებული სიტუაციის ანალიზის მიზნით განხილულ იქნა ამ თემასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი  აქტები (იხილეთ დანართი #1), მოეწყო დისკუსიები ექსპერტთა შორის და მრგვალი მაგიდა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან.

არაერთი ინფორმაცია და სამართლებრივი აქტი არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი იმ მოტივით, რომ „მიმდინარეობს რეორგანიზაცია“. შესაბამისად, ვებ გვერდები ნაკლებ ინფორმატიულია.

კვლევის საფუძვლად ავიღეთ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის #224 განკარგულება და ამ განკარგულებით დამტკიცებული „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

სახელმწიფო პროგრამა კონცეპტუალური სახის დოკუმენტია, რომელიც საჭიროებდა შემდგომ გაშლასა და დაკონკრეტებას, თუმცა სამინისტროს ეს არ გაუკეთებია და შემოიფარგლა სამუშაო ჯგუფის შექმნით, რომელმაც (როგორც ხშირად ხდება) ასევე არ დააკონკრეტა სამთავრობო დოკუმენტი და სახელმწიფო პროგრამის რეალიზაცია მთლიანად მიანდო სურსათის ეროვნული სააგენტოს.

როგორც აღმოჩნდა, მინისტრის მოადგილის, ბატონ გიორგი ხანიშვილის ოფიციალური ინფორმაციით (2018 წლის 26 ივნისის წერილი #5467/01) -„აღნიშნული ჯგუფი პერიოდულად იკრიბება და იხილავს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, რასთან დაკავშირებითაც შეხვედრების დოკუმენტური წარმოება (ოქმის შედგენა) არ ხორციელდება“- სტილი დაცულია.

აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ბრძანება გამოცემულია ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სახით, რომელიც არ ავალდებულებს მინისტრს, ინფორმაცია გახადოს საჯარო, რაც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა!

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა მასზე მინდობილ საქმეს, შეადგინა სამოქმედო გეგმა, ვადაში გაწერა განსახორციელებელი ღონისძიებები და ნაწილობრივ, დასახულ მიზნებსაც მიაღწია.

თუმცა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების „სააგენტოს“ ფარგლებში ჩაკეტვის გამო,  სამოქმედო გეგმის შექმნის, განხორციელების და ასევე მონიტორინგის პროცესებიდან ავტომატურად გამოეთიშა სამინისტროში ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სტრუქტურები და ეს მაშინ, როცა გაფრქვევა ხდება 200 ათას ჰექტარ სავარგულზე.

მთავრობის ამ განკაგრულების მიხედვით, ცალსახად დასტურდება, რომ 2017 წელს განხორციელბული ღონისძიებებიდან არც-ერთი არ ემსახურებოდა გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვას ან თუნდაც მონიტორინგს გარემოს დაბინძურების მდგომარეობასა და დინამიკაზე.

მთავრობის განკაგრულების მიხედვით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები (პუნქტი1.1.2) ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  ბრძოლის ფონზე გარემოს დაცვის შესახებ მოსახლეობის სრულ და დროულ ინფორმირებას, თუმცა ასეთი ინფორმაცია დღემდე არ გვრცელებულა და ვერც გავრცელდება, რადგანაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების სრულფასოვან მართვას (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, შედეგებზე რეაგირება) ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც არ არის ვალდებული იმუშაოს გარემოსდაცვით საკითხებზე, ხოლო ამ კუთხით პასუხისმგებელი სტრუქტურები ჩამოცილებულია მართვას.

ფაქტია, რომ როგორც მთავრობის, ასევე სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს დონეზე, მონიტორინგის სისტემა ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის, გავრცელების მიმართულებებისა და ინტენსივობის დადგენას, ხოლო გარემოს დაბინძურების მონიტორინგი სრულიად იგნორირებულია.

აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ როგორც სამართლებრივ, ასევე ამ სამართლებრივი აქტების განხორციელების დონეზე, იგნორირებულია გარემოს დაცვის სტრუქტურების მოსაზრებები და პოზიციები.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო პროგრამისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიდგომები გაუგებარია „სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების“ ნაწილშიც. სამეცნიერო კვლევების მიზნებში დეტალურადაა გაწერილი აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლისა და მასთან ბრძოლის მიზნები და ამოცანები, თუმცა არსად ფიგურირებს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სამეცნიერო კვლევების განხორციელება და ამ დანიშნულებით 2018 წლისათვის გამოყოფილი 1,5 მილიონი ლარის საბიუჯეტო დაფინანსებიდან არც-რთი თეთრი არ დაიხარჯება  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გარემოსდაცვითი მდგრადობის კვლევებზე.

არც სამთავრობო პროგრამა და არც სამინისტრო არ ითვალისწინებს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მოსალოდნელ რისკებს, ამ რისკების შეფასების მეთოდოლოგიასა და ინდიკატორებს, შესაძლო ნეგატიური შედეგების შეფასებას. ეს საკითხები იგნორირებულია მონიტორინგის სისტემასა და მიზნებშიც. ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვის მიზანშეწონილობის ერთადერთი ინდიკატორია აზიური ფაროსანას მიზეზით მოსავლის დანაკარგების მინიმიზაცია 5-15%-ის ფარგლებში.

სამინისტროს არ შეუსწავლია საკითხი, თუ რა გავლენას იქონიებს ნიადაგის ბიო-მრავალფეროვნებაზე პესტიციდის მაღალი კონცენტრაცია, რომელთა ნიადაგში არსებობა გადამწყვეტია მოსავლის მისაღებად და სასურველი ეკონომიკური შედეგების მისაღწევად, ხოლო მათი მოსპობა (რაც სრულიად რელურია) ათეულობით წლების განმავლობაში გადამწყვეტ ნეგატიურ გავლენას იქონიებს ნიადაგის მოსავლიანობაზე (არა აზიური ფაროსანას, არამედ პესტიციდების ჭარბი მოხმარების გამო!).

შესაბამისია პროგრამის განხორციელების მიზნით გამოცემული აქტებიცა და გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციაც.

მაგალითად:

  • სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ გამოცემული „ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდების გამოყენების ინსტრუქცია“ (ინსტრუქცია სავალდებულოა შესასრულებლად) შეიცავს მკაცრ მითითებას იმის თაობაზე, რომ „ბიფენტრინის ნარჩენების დონე სოფლის მეურნეობის პროდუქციაში (მოსავალში) არ უნდა აღემატებოდეს 004-04მგ/კგ (ჩანაწერი კოპირებულია დედანიდან!), რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პესტიციდის უფრო მეტი დონის შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოხმარება აკრძალულია.

ეს მორიგი ფორმალობა და გარემოსდაცვითი მოთხოვნებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, რადგანაც ტექნიკურად და ტექნოლოგიურადაც სახელმწიფო ვერ ახერხებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებში ასეთი პარამეტრის მასიურად გაზომვას და ნათელია, რომ ამას ვერ მოახერხებს ვერცერთი ფერმერი და გლეხი, რომელიც  ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების ძირითადი მიმწოდებელია.  მოსალოდნელი შედეგი კომენტარს არ საჭიროებს!

  • ამავე ინსტრუქციით, წყალსატევებთან 200 მეტრის რადიუსში აკრძალულია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდის (ზოგადად ქიმიური პესტიციდების) გამოყენება.

ფუნქციონერები, სპაციალისტები და საზოგადოება დარწმუნებულიც რომ იყვნენ  ამ ნორმის დაცვის შესაძლებლობებში (ეს პრაქტიკულად შეუძლებელია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიასა და სამეგრელოში), თავისთავად არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ პესტიციდი მოხვდება წყალსატევებში.

ეს რისკები და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა პირმა, მთავრობამ კი მინიმუმ – უნდა აწარმოოს   ქიმიური საშუალებებით წყალსატევების დაბინძურების მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევებში მყისიერი რეაგირება მოახდინოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა მთავრობისა და  სამინისტროს ინტერესის საგანი.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მართვიდან გარემოს დაცვის სტრუქტურების ჩამოცილება  არ არის ეთდაერთი ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობაში როგორც სამართლებრივ, ასევე პრაქტიკულ საქმიანობაში.

მიდგომებიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია,  რომ სამინისტროების შერწყმის შემდეგ მოხდა მხოლოდ გარემოსდაცვითი სტრუქტურების დებულებების ხელახლა დამტკიცება (გადამტკიცება) და არც-ერთი, თუნდაც ფორმალური, ცვლილება არ შესულა ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი სტრუქტურების დებულებებში.

ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ სამინისტროების შერწყმის დეკლარირებული კონცეფცია არ შეეფერებოდა სინამდვილეს და „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს“„სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ კი არ შეუერთდა, არამედ – გაუქმდა „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო“ და „სოფლის მეურნეობის სამინისტროში“ მოხდა გარემოსდაცვითი სტრუქტურების ინტეგრირება!

გარემოს დაცვის პრობლემებისადმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესვეურთა დამოკიდებულება იგრძნობა სამინისტროს მართვის ყველა დეტალში, მაგალითად:  მინისტრს, ინტეგრირებული სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად, მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციების გადანაწილებაზე გამოცემული აქვს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი (2018 წლის 22 მარტის ბრძანება #2/174), რის გამოც ეს ინფორმაცია არ არის საჯარო და იმ 5 მოადგილიდან, რომლებზეც დელეგირებულია გარემოსდაცვითი ფუნქციების კურირება, არც-ერთი არ გახლავთ გარემოს დაცვის  ან მონათესავე დარგის სპეციალისტი, რაც სრულად ამართლებს ეჭვებს, რომ „სოფლის მეურნეობის სამინისტროში“„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს“ ინტეგრირების შედეგად გარემოსდაცვითი ინტერსები უპირობოდ დაექვემდებარებოდა ეკონომიკურ ინტერესებს!

დასკვნა: პროექტის სამუშაო ჯგუფი ნეგატიურად აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში“ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების რეალიზაციის დონეს  და მიზანშეწონილად მიაჩნია სამინისტროების გამიჯვნა.

 

მომზადებულია ავთანდილ გელაძის მიერ

პროექტის „საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცლილებების მონიტორინგი და ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის  საქართველოს წარმომადგენლობის მხარდჭერით და მასში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ პოზიციას.

 

დანართი 1

  1.   საქართველოს მთავრობის განკარგულება№588 2017 წლის24 მარტი – ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
  2. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა;
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულება №984 2017 წლის 19 მაისი – „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ “საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
  4. საქართველოს მთვრობის განკარგულება # 224 2018 წლის 30 იანვარი – „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“;
  5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პრესკონფერენცია – 2017 წლის 25დეკემბერი;
  6. საქართველოს მთავრობის დადგენილება №112 2018 წლის 6 მარტი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება;
  7. საქართველოს გარემოს  დაცვისა  და  სოფლის  მეურნეობის  მინისტრის  ბრძანება  N 2-168 – „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“.
  8. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №50, 2016 წლის 26 დეკემბერი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტო სდებულების დამტკიცების შესახებ;
  9. საქართველოს  გარემოს  დაცვისა  და  სოფლის  მეურნეობის  მინისტრის ბრძანება  №2-343 2018  წლის 14 მაისი საქართველოს გარემოს  დაცვისა  და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  პოლიტიკისა  და  ანალიტიკისდეპარტამენტის  დებულების  დამტკიცების  შესახებ
  10. საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-321, 2018 წლის 8 მაისი, “საქართველოს გარემოსა და ბუნებრივ  რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის N 50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  11. სურსათის ეროვნული სააგენტო, ბუკლეტი: აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდის გამოყენების ინსტრუქცია;
  12. სურსათის ეროვნული სააგენტო, ბუკლეტი: ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას;
  13. კანონპროექტი: გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ;
  14. კანონპროექტი:2018 წლის 14 მაისიტექნიკურირეგლამენტი – „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა დ ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგა ნწარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის შესახებ“
  15. კანონპროექტი:საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ;
  16. ბროშურა:საქართველოს სასოფლო–სამეურნეო მნიშვნელობის მქონე ბაღლინჯოების საველე ცნობარი. სურსათის ეროვნული სააგენტოს გამოცემა;
  17. საქართველოს მთავრობის დადგენილება, 2015 წლის 12 თებერვლის # 56, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
  18. საქართველოს მთავრობის დადგენილება, # 159. 2015 წლის 8 აპრილი „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის # 56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
  19. საქართველოს მთავრობის დადგენილება, # 444. 2015 წლის 26 აგვისტო  „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის # 56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
  20. საქართველოს მთავრობის დადგენილება, #190. 2016 წლის 22 აპრილი. „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის # 56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
  21. საქართველოს მთავრობის დადგენილება, #495, 3 ნოემბერი, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის # 56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
  22. საქართველოს მთავრობის დადგენილება, # 29, 2017 წლის 24 იანვარი, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის # 56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
  23. პრეზენტაცია: ინფორმაცია აზიურ ფაროსანაზე – ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას!

http://moe.gov.ge/res/images/file-manager/aizuri_parosana_programa/parosanas_programa_2018.pdf

http://nfa.gov.ge/ge/presrelizebi-eng-75/saxelmwifo-shesyidvebis-wliuri-gegma-eng-145

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №265, 2017 წლის  29  მაისი,   მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ;
  2. საქართველოს მთავრობის დადგენილება # 34, 2017 წლის 26 იანვარი, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა;
  3. პაატა კოღუაშვილი,  არჩილ ჭირაქაძე:განმარტება საინფორმაციო ბარათ „ბიფენტრინის  შესახებ“;
  4. სურსათის ეროვნული სააგენტო, ბუკლეტი, გაფრთხილება ფაროსანას შესახებ;
  5. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ბუკლეტი:  „შენობების დაცვა ფაროსანასგან“;
  6. საქართველოს მთავრობის დადგენილება, # 20, 2016 წლის 18 იანვარი.  ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის დამტკიცების შესახებ;
  7. საქართველოს მთავრობის განკარგულება №246 2017 წლის 13 თებერვალი „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

იმერეთის რეგიონის გარემოსდაცვითი საკითხების მიმოხილვა და ანალიზი განვითარების სტრატეგიის (2014-2021 წწ) საფუძველზე

ავტორი: ნანა დეისაძე   

27/05/2017

იმერეთის რეგიონის ზოგადი მიმოხილვა

იმერეთის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ნაწილია. იგი დასავლეთ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. იმერეთის რეგიონის ტერიტორიის ფართობი 6518,8 კვ.მ–ია და საქართველოს ტერიტორიის 9,4%-ს შეადგენს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი რეგიონს პირველი ადგილი უჭირავს, მისი მოსახლეობა 2014 წლისთვის 703,3 ათას კაცს შეადგენდა, რაც საქართველოს მოსახლეობის 15,7%-ია. აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონში საჩხერის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ჯრია, პერევი და ჭურნალი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიების გამყოფ ხაზთან. რელიეფური მრავალფეროვნების გამო, იმერეთი პირობითად იყოფა ზემო და ქვემო იმერეთად, რომელიც აერთიანებს 12 მუნიციპალიტეტს: ქალაქ ქუთაისს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს. რეგიონში შედის 11 ქალაქი, 3 დაბა და 529 სოფელი. იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ქუთაისი, რომელიც ამავე დროს სახელმწიფოს საპარლამენტო ქალაქია.

იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. აღსანიშნავია, რომ მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან ზონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, მაგრამ დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია, ზაფხული კი შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა საშუალოდ +20C, +50C-ია, ხოლო ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +380C, +400C. ნალექების რაოდენობა 1300-1800 მმ-ია. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150-ს შეადგენს. რეგიონი ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. რეგიონი მდებარეობს სატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ და საზღვაო პორტებთან ახლოს (ბათუმი – 130 კმ., ფოთი – 102კმ.). ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან 15 კმ-ში მდებარეობს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი.

რეგიონი გამოირჩევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებით ამჟამად, იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული.

რეგიონში ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია მძლავრი ენერგეტიკული ბაზის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, იმერეთის რეგიონს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებისათვის.

 

იმერეთის  გარემოსდაცვითი საკითხების ზოგადი მიმოხილვა

ჰაერის ხარისხი

რეგიონში ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალია. ძირითად დამაბინძურებლებს შორისაა მანგანუმისა მადნისა და ქვანახშირის გამამდიდრებელი საწარმოები და მეტალურგიული ქარხნები, რომლებიც ძირითადად ჭიათურის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებშია ლოკალიზებული.

ზესტაფონში მაღალია მანგანუმის ორჟანგის კონცენტრაცია, ქუთაისში – მტვრისა და გოგირდის დიოქსიდის კონცენტრაცია. ტყიბული, ასევე განიცდის ბუნებრივი რესურსების კარიერულ მოპოვებასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული ემისიების უარყოფით ზემოქმედებას.

იმერეთზე გამავალი საქართველოს ძირითადი სატრანსპორტო დერეფნის – ბათუმი- თბილისის საავტომობილო გზის გამო, საავტომობილო ტრანსპორტი, ასევე უარყოფითად მომქმედებს ჰაერის სისუფთავის ხარისხზე. მშენებარე საავტომობილო მაგისტრალი მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას, მაგრამ იმის გამო, რომ იგი კვეთს რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მათი გამოფრქვევებისგან დასაცავად სასურველია სპეციალური დამცავი ზოლის მოწყობა.

წყლის ხარისხი

იმერეთის რეგიონის წყლის რესურსების დაბინძურება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო საქმიანობის შედეგია. მუნიციპალური საკანალიზაციო სისტემებისა და მათი გამწმენდი ნაგებობების გაუმართაობა ზედაპირული წყლის ობიექტების მნივშვნელოვან დაბინძურებას იწვევს.

ზედაპირული წყლის ობიექტების დაბინძურება, ასევე ხდება საწარმოო ობიექტებიდან, რაც გარემოსდაცვით ზედამხედველობას საჭიროებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია ჭიათურის მუნიციპალიტეტი სადაც, საწარმოების მიერ ჩამდინარე წყლებთან ერთად მდ. ყვირილაში დიდი რაოდენობით ჩაედინება მყარი შეწონილი ნაწილაკები და მანგანუმის ნაერთები, რაც ამ მდინარის მნიშვნელოვან დაბინძურებას განაპირობებს. იმერეთის რეგიონში მდინარეები უმეტესწილად გაედინებიან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სიახლოვეს. ორგანული და არაორგანული სასუქების არასწორი გამოყენების შედეგად არსებობს წყლის ობიექტების ორგანული ნივთიერებებით, აზოტისა და ფოსფორის ნაერთებით დაბინძურების რისკი. რეგიონისათვის დამახასიათებელ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებით წყლების დაბინძურება ერთ-ერთი პრობლემური საკითხია.

ტყის დაცვა

2012 წლის მონაცემებით იმერეთის რეგიონში ტყით დაფარული ფართობის 97%-ს ეროვნული სატყეო სააგენტო მართავს, ხოლო დანარჩენი დაცული ტერიტორიების ფარგლებშია. ტყეებში მერქნული და არამერქნული რესურსებით სარგებლობის რაციონალურად რეგულირება ერთ-ერთი გარემოსდაცვითი პრობლემაა. მთის ტყეების ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინებით ცალკეული კატეგორიის ტყის მასივებში მერქნული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობები შეზღუდულია, კერძოდ: საკურორტო ტყეებში, მწვანე ზონის ტყეებში, აღკვეთილებში, ეროვნული პარკებში, ასევე განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში. აქტუალურია, რომ ტყის მდგრადი მართვა და გამოყენება დაიგეგმოს ადგილობრივი თემებისთვის სარგებლის სამართლიანი და თანასწორი განაწილების უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

2013 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ იმერეთის რეგიონში განხორციელდა დაავადებული წაბლნარი კორომების სანიტარული ჭრების ეფექტიანობის შეფასება და ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის და ზესტაფონის სატყეო უბნების კვლევა. ამ მხრივ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღება. 2014 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა ხარაგაულის სატყეო უბნის ტყის მეურნეობის ტაქსაციური აღწერები და მართვის გეგმა. საჭიროა, რომ ასეთი სამუშაო და მართვის გეგმა შესრულდეს ყველა უბნისათვის, რომელთა უმრავლესობა ტყის მოვლისა და აღდგენის ფართომასშტაბიან ღონისძიებებს საჭიროებს.

ნიადაგის ხარისხი

იმერეთის რეგიონში გვხვდება ნიადაგის ეროზიისა და დაბინძურების პრობლემაც. მაგალითად საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს ნიადაგის ეროზიას, სადაც სხვადასხვა მიზეზით ეროზირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწების 5%-მდე. როგორც ჩანს, ეს გარკვეულწილად გადაძოვებას უკავშირდება. ასევე აქ ტყის განაკაფებში ადგილ-ადგილ მეწყრული მოვლენებიც განვითარდა. ნიადაგის დაბინძურების მთავარი მიზეზებია: საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ნარჩენების პირდაპირ გარემოში გადაყრა, გამონაბოლქვი გაზები, სასოფლო სამეურნეო წამლები და ქიმიური სასუქები, ჰაერის დამბინძურებელი მავნე გაზების წვიმის შედეგად მიწაში შერევა და ტყეების განადგურების შედეგად გამოწვული ნიადაგის ეროზია. ნიადაგი განსაკუთრებით დაბინძურებულია ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

 

 

 

 

 

 

 

იმერეთის გარემოსდაცვითი საკითხების SWOT ანალიზი

 

ძლიერი მხარეები

 

სუსტი მხარეები

 

·       გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეებს შორის კოორდინირების მაღალი დონე

·       დაცული ტერიტორიების მართვის გამართული სისტემა

·       არსებული ნაგავსაყრელების მოწესრიგების მიმდინარე პროცესი; ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობა; ნარჩენების სეპარაციის გამოცდილების არსებობა

 

·       ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, წყალარინების სისტემის არარსებობით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებითა და სამრეწველო სექტორის მიერ გარემოს დაბინძურება

·       გარემოს დაბინძურების ხარისხის სუსტი მონიტორინგის სისტემა

·       უკანონო ნაგავსაყრელების არსებობა; ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების, მათ შორის სამრეწველო და საშიში ნარჩენების გაუვნებლობის სისტემის არარსებობა

·       სამრეწველო წარმოებაში მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენება და გერემოსადმი მეგობრულად დამოკიდებული ტექნოლოგიების სიმწირე

·       მოსახლეობის განათლების დაბალი დონე გარემოს დაცვის სფეროში

შესაძლებლობები

 

საფრთხეები

 

·       ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები

·       გარემოზე დატვირთვის შემცირება განახლებადი ენერგეტიკის განვითარებით

·       ბუნებრივი კატაკლიზმები

·       სამრეწველო ავარიები

 

 

იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია გარემოს დაცვითი კუთხით

 

მიზანი 6. ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და მდგრადი გარემოს განვითარება

ამოცანა 6.1.

ბუნებრივი კატასტროფების რისკების, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის და ავარიული სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განსაკუთრებით მოწყვლადი ტერიტორიების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება

ამოცანა 6.2.

კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის საადაპტაციო ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება

ამოცანა 6.3.

წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგის პუნქტებისა და ლაბორატორიების

ინსტალაცია; წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებასთან ბრძოლის ღონისძიებების

განხორციელება და მონიტორინგის რეგულარული ჩატარება

ამოცანა 6.4.

მდინარეების ნაპირსამაგრი ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება

ამოცანა 6.5.

რეგიონის ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება და ქარსაცავი ზოლების აღდგენა

ამოცანა 6.6.

გარემოს დაცვის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება

ამოცანა 6.7.

რეგიონის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარება და მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება

ამოცანა 6.8.

რეგიონის წყლის რესურსების, მათ შორის მინერალური და სხვა წყლების გამოყენების, დაცვისა და მართვისკენ მიმართული ღონისძიებების ხელშეწყობა

ამოცანა 6.9.

ენერგიის ეკონომიურად ხარჯვისა და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად რეგიონში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 2017)

 

შეფასებები და დასკვნები

 

იმერეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიხედვით გარემოს დაცვითი პრობლემების აღნიშვნისას, აღსანიშნავია პროფესიონალური მიდგომა პრობლემებისადმი. სტრატეგიიდან ნათელია, რომ პრობლემები  ნაკლებ მრავალფეროვანია, თუმცა სიმძაფრე  მაღალია. აღსანიშნავია: ჰაერის დაბინძურება, რომელიც დასაშვებზე მაღალია (ძირითადი მიზეზები მანგანუმის, მადნის და ქვანახშირის გამამდიდრებელი საწარმოები და მეტალურგიული ქარხნებია), ასევე, მტვრის მაღალი კონცენტრაცია, განსაკუთრებით, ქ. ქუთაისში, წყლის დაბინძურება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებით, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოშლა და მოძველება, მდ. ყვირილას დაბინძურება მავნე-მომწამვლელი ქიმიური შენაერთებით, ორგანული და არაორგანული სასუქების სიჭარბე, ტყის მართვის გეგმის საჭიროება ყველა უბნისათვის, გადაძოვება, ნიადაგის ეროზია, საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ნარჩენები.

რაც შეეხება სტრატეგიას, იგი მწირია და მოიცავს ერთ ზოგად მიზანს და 9 ამოცანას. მაგ., 6.3 ამოცანა მონიტორინგის საშუალებათა არსებობაზეა ორიენტირებული და არსად არ ჩანს მდგრადი განვითარებისადმი.

საჭიროა, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან, ეფექტიანი მიწის პოლიტიკა, სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმის შემუშავება, მიწის მენეჯმენტი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და პროფესიონალი კადრების მოზიდვა, ასევე, ამ კუთხით განათლების გაზრდა და საზოგადოების ინფორმირება-ჩართულობის ხელშეწყობა.

ბიომრავალფეროვნება და გარემოსდაცვითი საკითხების სიმძაფრე მაღალია, თუმცა სტრატეგიაში ნაკლები ყურადღება მახვილდება გარემოსდაცვით საკითხებზე. ასევე, აღსანიშნავია, სტრატეგიაში საერთო სტანდარტების არ არსებობა და ნაკლები აქცენტები ევროკავშირის სტანდარტებზე.  რაც ყველაზე მთავარია, სტრატეგია არ არის კონკრეტულად კონცენტრირებული მდგრადი განვითარების საკითხებზე. მდგრადი განვითარების საკითხების მნიშვნელობაზე მრავალი ავტორი საუბრობს, კერძოდ Peter Roberts, 2004; (Gibbs   2002,   95), (Fedrigo 1999, 4)  [1]  (Roberts, 2004) შესაბამისად, მეტი აქცენტებია საჭირო მდგრად განვითარებაზე რეგიონული განვითარების კუთხით.

საქართველოს სამთავრობო ქმედებები 2014 წლის სამოქმედო გეგმაში გარემოსდაცვითი კუთხით ძირითადად კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და შემუშავებას მოიცავს. 2017 წლისათვის ჯერ კიდევ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და სამოქმედო პროექტების შექმნა მიმდინარეობს, 2021 წლამდე კი სტრატეგიების მიზნების შესასრულებლად სულ უფრო და უფრო მცირე დრო რჩება. შესაბამისად, რეგიონებს გაცილებით მეტი აქტიურობა მართებთ, ვიდრე ეს სტრატეგიებშია ასახული. (საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, 2014)

გამოყენებული ლიტერატურა:

Annamaria, O. (2005, 02 27). jtor. Retrieved from jstor: http://www.jstor.org/stable/41472028

Haughton, C. D. (2004, 06 06). jstor. Retrieved from jtor: http://www.jstor.org/stable/3451590

Roberts, P. (2004, 06 06). jstor. Retrieved from stor: http://www.jstor.org/stable/3451589

Singh, R. S. (2007, 12 12). jtor. Retrieved from jstor: http://www.jstor.org/stable/41856373

საქართელოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. (2017). სრატეგიოები. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. Retrieved from www.jtr.ge

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017 წლის 12 01). მოპოვებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/parizis-shetanxmeba-klimatis-cvlilebis-shesaxeb-დან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017 წლის 11 01). მოპოვებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/tye-da-biomravalferovneba/-დან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017 წლის 11 01). მოპოვებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/klimatis-cvlileba/-დან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/mdgradi-ganvitareba/

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/haeri/

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/wyali/

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/mica/

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. (2017 წლის 05 01). მოპოვებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: http://www.mrdi.gov.ge/ge/news/rdevelopment-დან

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. (2014, 09 09). Retrieved from საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში: http://www.eu-nato.gov.ge/sites/default/files/AA%20Action%20Plan-2014-Final-GEO.pdf

შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ. (2017 წლის 08 01). მოპოვებული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ: http://www.eu-nato.gov.ge/sites/default/files/AA_BodyText%20%2810%29.pdf-დან

[1] Wealth from waste: local and regional economic development and the environment

საძოვრების მდგრად მართვაზე ხელშეწყობა

პირველად სამეგრელოში მოწყობილობა ,,ელექრტო მწყემსი” ექსპლუატაციაში შევიდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის დედამიწის მეგობრების მიერ შერჩეულ იქნა საძოვარი გარახის უბანში, სადაც დამონტაჟდა ელექტრო მწყემსის მოწყობილობა.

აღნიშნული საქმიანობა განხორციელდა პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“-ფარგლებში, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის – „კავკასიის გენეტიკა“ ექსპერტის- ბატონი გიორგი ხატიაშვილის  ხელმძღვანელობითა და ადგილობრივი მოსახლეობისა და მმართველი ორგანოების თანადგომით. პროექტი ეფუძნება ახალ ინოვაციურ მიდგომას, სადაც უპირატესობა ენიჭება ადგილობრივი  ველური და კულტურული (აგრობიომრავალფეროვნების) ბიომრავალფეროვნების, რომლითაც ძალიან მდიდარია სამეგრელო, დაცვასა და შენარჩუნებას. ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს მწვანეთან მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის  ფინანსური მხარდაჭერით.

გადასვლა ზემოთ