არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების პოზიციათა დეკლარაცია 2012 წელი

in განცხადებები by

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების პოზიციათა დეკლარაცია 

საქართველოში ენერგიის განახლებადი  წყაროების ეფექტურად გამოყენებისა და

ენერგოეფექტურობის არსებული დონის მკვეთრად გაუმჯობესების აუცილებლობის  თაობაზე

ენერგეტიკა ის სფეროა, რომელიც ზეგავლენას ახდენს როგორც მთლიანად ქვეყნების, ასევე თითოეული ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტზე. მისი ხვედრითი წილი მნიშვნელოვანია ყველა დონეზე – მთლიანი შიდა პროდუქტიდან დაწყებული და  ყოფითი პირობებით დამთავრებული.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ დეკლარაციაზე ხელმომწერი საქართველოს არასამთავრობო (საზოგადოებრივი) ორგანიზაციები, ექსპერტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები გრძნობენ რა პასუხისმგებლობას და ეყრდნობიან რა საკუთარ გამოცდილებასა და დაზუსტებულ ინფორმაციას:

  • გამოთქვამენ შეშფოთებას ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ეფექტურად და ჯეროვნად ათვისების უაღრესად დაბალი დონის გამო საქართველოში;
  • გამოთქვამენ უკმაყოფილებას როგორც გენერირების, ასევე გადაცემისა და მოხმარების ეტაპებზე ენერგიის განიავების დამკვიდრებული ტენდენციის, ენერგოეფექტურობის მიღწევის თაობაზე ფასადური ხასიათის იდეების, განცხადებების დეკლარირებისა და პრაქტიკულ საქმიანობაში არსებული უმოქმედობის გამო;
  • ამ ფონზე, კატეგორიულად არ ეთანხმებიან ენერგეტიკული დანიშნულებით საქართველოს მდინარეების ჰიდროპოტენციალის ათვისების მიზნით გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გაუაზრებელ პოლიტიკას და მიაჩნიათ, რომ ყოველივე ეს ხორციელდება ეკოლოგიური, სოციალური, დემოგრაფიული და კულტურული რისკების კატასტროფულად ზრდის ხარჯზე;
  • თანხმდებიან რა იმაზე, რომ ენერგოუზრუნველყოფა ქვეყნის უსაფრთხოების ერთ–ერთი უმთავრესი კომპონენტია, მიაჩნიათ, რომ ჰიდროპოტენციალის გონივრულად ათვისების პარალელურად, მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს განახლებადი არატრადიციული წყაროებიდან ენერგიის გენერირებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი რეზერვების ამოქმდების ღონისძიებები;
  • კატეგორიულად არ ეთანხმებიან არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით საკანონმდებლო ნორმების შემოღება ზედმეტად დაამძიმებს მოქალაქეების სოციალურ და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას;
  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმოადგენს ამ საკითხების მარეგულირებელი არაერთი საერთაშორისო შეთანხმების ხელმომწერ მხარეს, მიაჩნიათ, რომ ამ მიმართებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მინიმალურადაც ვერ პასუხობს მათ მიერვე აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს;
  • შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ყოველდღიურად და უკვე საკანონმდებლო დონეზეც, ირღვევა ენერგეტიკული ქარტიის ფუნდამენტური პრინციპი – ენერგოუზრუნველყოფა განხორციელდეს ბუნებრივ გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების გზით – და ქვეყნის ეკოსისტემებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი პროექტები ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების ჯეროვანი შეფასების გარეშე;
  • უკმაყოფილებას გამოთქვამენ სახელმწიფო (საბიუჯეტო) სექტორის მიერ მოხმარებული ენერგორესურსების აღრიცხვის, სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალეობის  საქმეში არსებული ბიუროკრატიული ბარიერების გამო;
  • მოითხოვენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გათავისუფლდეს პოლიტიკური, მონოპოლიური და ყოველგვარი სხვა ზეწოლისაგან;
  • აცნობიერებენ რა ქვეყნის ენერგობალანსში ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში არსებული რეზერვების პოტენციურ წილს, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიის გიგანტური ჰიდროელექტროსადგურებით დაფარვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეს;

მიმართავენ  მსოფლიო თანამეგობრობას:

ა) ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს მთავრობაზე ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ეფექტურად ათვისების უზრუნველყოფისა და ენერგოეფექტურობის სათანადო დონის მიღწევის, აგრეთვე მიღწეული შედეგების მუდმივად გაუმჯობესების მიზნით;

ბ) საქართველოს აღმოუჩინონ ფინანსური, მატერიალური, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მხარდაჭერა არსებული მდგომარეობის უმოკლეს პერიოდში რადიკალურად შეცვლის  მიზნით.

დარწმუნებულნი არიან რა, რომ საქართველოს სახელმწიფომ გადაუდებლად უნდა განახორციელოს  ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ათვისების გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეფექტური ღონისძიებები და რადიკალურად უნდა შეცვალოს  ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით არსებული გაუმართლებელი პოლიტიკა, მიმართავენ საქართველოს მთავრობას:

  • დაუყოვნებლივ გადაიხედოს „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება და საერთაშორისო ვალდებულებებისა და ამ დეკლარაციის, აგრეთვე ქვეყნის მთელი საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებულ და მიღებულ იქნას ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელსაც ექნება ლეგიტიმაციის უფრო მაღალი რანგი, ვიდრე პარლამენტის დადგენილებაა და რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ენერგოეფექტურობის სფეროს;
  • შემუშავებული ენერგეტიკული პოლიტიკიდან გამომდინარე და გერმანიის გამოცდილების გათალისწინებით, გადაუდებლად იქნას მიღებული ისეთი ხელშემწყობი საკანონმდებლო აქტები, როგორიცაა:
    • ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების ეფექტურად გამოყენების შესახებ;
    • ენერგოეფექტურობის შესახებ;
    • საქართველოს სამშენებლო კოდექსი;
    • ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებების წარმოებისა და იმპორტის რეგულირების თაობაზე;
    • ტექნიკური რეგულირების შესახებ, სადაც გათვალისწინებული იქნება ენერგომოხმარებისა და ენერგოდანაკარგების შემცირების, აგრეთვე დამატებითი ენერგიის გენერირების სტიმულირების მექანიზმები.
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ქმედითი გახადოს მის მიერვე 2008 წლის 18 სექტემბერს მიღებული #23 დადგენილების მუხლი 3–ის ა.ბ) პუნქტი – ენერგეტიკული ობიექტების ყოველწლიური ვალდებულების თაობზე „ტექნიკური ანგარიშის“ რეგულარულად წარდგენასთან დაკავშირებით – და საჯარო გახადოს ამ ანგარიშების ანალიზის შედეგები, ასეთი ვალდებულება გავრცელდეს საბიუჯეტო დაწესებულებსა და ენერგიის მსხვილ მომხმარებლებზე;
  • რეალური ნაბიჯები გადადგას ე.წ. „მერების შთანხმებით“  აღებული პრიორიტეტული ვალდებულებების შესასრულებლად და არ შემოიფარგლოს უმნიშვნელო გადაწყვეტილებებით;
  • უზრუნველყოს ენერგეტიკის სფეროში შემავალი სხვადასხვა მხარის კანონიერი ინტერესების დასაბუთებული და სამართლიანი გაწონასწორება;
  • ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას დარგის არაპროფესიონალური და არასპეციალისტი კადრებით დაკომპლექტების მავნე პრაქტიკაზე;
  • სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პრინციპულად დასვას საკითხი ენერგეტიკის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თაობაზე და მიაღწიოს პოზიტიურ შედეგებს;
  • დაუყოვნებლივ დასვას საკითხი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ შესაძლო გადავადების თაობაზე არსებული კანონის გაუქმების შესახებ;
  • გადაუდებლად იზრუნოს ქვეყანაში მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ტესტირების, გამოცდის, მარკირებისა და ამავე მიზნით მონიტორინგის განხორციელების მატერიალური ბაზის შესაქმნელად;
  • განსაკუთრებული ძალისხმევა მოახმაროს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას, მის ინფორმირებულობას, ფართო პროპაგანდა გაუწიოს ამ მიმართებით მსოფლიოში აპრობირებულ არაერთ კამპანიას.

დეკლარაციაზე  ხელმომწერ პირებს მიაჩნიათ, რომ ენერგეტიკის სფეროს რეგულირებაში, სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კი გადამწყვეტი  ზეგავლენა შეიძლება იქონიოს თითოეული ჩვენთაგანის გააზრებულმა,  პრინციპულმა პოზიციამ და ქმედებამ, რის გამოც  მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებას და საზოგადოებრივ   ორგანიზაციებს:

  • ენერგიის განახლებადი (არატრადიციული) წყაროების გამოყენებისა და ენერგიის ეფექტურად ხარჯვის თვალსაზრისით სამთავრობო სტრუქტურების უმოქმედობას დავუპირისპიროთ მაღალი სამოქალაქო აქტივობა და პრინციპულობა;
  • მოვახდინოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების რესურსების მობილიზება და ძალების კონცენტრირება ზემოხსენებულ საკითხებზე;
  • შევიმუშაოთ კონკრეტულ ღონისძებათა ერთობლივი სამოქმედო გეგმა და ვიზრუნოთ მისი ეტაპობრივი განხორციელებისათვის;
  • დავგეგმოთ ერთობლივი აქციები და სხვა ღონისძებები, ვიზრუნოთ კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

ხელმომწერები:

 

  1. რუსუდან სიმონიძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
  2. ნანი მეფარიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  3. თამაზ ვაშაკიძე – საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი
  4. ნელი ვერულავა – ენერგოეფექტურობის ცენტრი
  5. მანანა ლოქაფიშვილი – ინტელექტი ქვეყნის სამსახურში
  6. გურამ სიმონიშვილი – ინტელექტი ქვეყნის სამსახურში
  7. სულხანი იაშვილი – ემეტცენტრი
  8. დავით გაბუნია – ტექინფორმი
  9. ივანე ჩოლოყაშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი
  10. გიორგი მელიქაძე – საქართველოს გეოთერმული ასოციაცია
  11. ბაადურ ჩხაიძე – ენერგო–ინჟინერთა ასოციაცია
  12. ნანა ბეგალიშვილი – სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative
  13. ვახტანგ ზარქუა – ენერგოეფექტურობის ფონდი
  14. ამირან გიგინეიშვილი – ევროპის კავშირის პროგრამა „პეგასოს“ საქართველოს კოორდინატორი
  15. ნუგზარ თათეშვილი – საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი
  16. მანანა დევიძე – ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“
  17. გრიგოლ (გია) აბრამია – გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევის ცენტრი
  18. კახა ნადირაძე – პრეზიდენტი, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
  1. პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

  1. როსტომ გამისონია – სოფლად თემთა განვითარების სააგენტო
  2. ბესიკ კალანდაძე – საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია

Leave a Reply

Your email address will not be published.

*