-
ერთობლივი მიმართვა
2021.12.01საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კახაბერ კუჭავას
N/Our ref O-02/138
CENN-ის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ერთობლივი მიმართვა
01.12.2021
საქართველომ ბოლო 5 წელიწადში იმაზე მეტი ტყე დაკარგა, ვიდრე „პარიზის შეთანხმებით“ განსაზღვრული წვლილისა (NDC) და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის მიხედვით უნდა აღადგინოს.
კერძოდ, 2016-2021 წლებში ფიზიკურ პირებზე დარეგისტრირდა ტყის 18,000-ზე მეტი უბანი. აღნიშნული სატყეო ფართობები პოლიტიკისა და მართვის უწყებებისა და დარგის კანონმდებლობის გვერდის ავლით ამოირიცხა. მოკვლეული ფაქტებით ირკვევა, რომ პრივატიზებულ ტერიტორიებზე მყისიერად იჩეხება ტყეები. ამორიცხვები ასევე განხორციელებულია კერძო სექტორის, ცენტრალური ხელისუფლების, თვითმმართველობების და საპატრიარქოს მოთხოვნით. უსისტემო რეგისტრაციამ გამოიწვია ტყის ეკოსისტემების ფრაგმენტაცია და საფრთხე შეუქმნა ვრცელ ბუნებრივი თუ კულტურულ ლანდშაფტებს. პროცესი აქტიურად გრძელდება მიმდინარე პერიოდში - სახელმწიფო რეესტრში შეტანილია ახალი განცხადებები.
სამოქალაქო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის 2020-2021 წლებში მიმდინარე ინტენსიური დიალოგის შედეგად, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები პრობლემების გადასაჭრელად. 2021 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, მეორე მოსმენით, კენჭი უყარა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. წარმოდგენილი კანონპროექტი აღმოფხვრის საკანონმდებლო ხარვეზებს, რის გამოც სატყეო ეკოსისტემები ფიზიკური და სამართლებრივი გაქრობის წინაშე აღმოჩნდა. კომიტეტმა ასევე მიმართა საჯარო რეესტრს მიმდინარე ამორიცხვების შეჩერების შესახებ.
თუმცა, ამავე საკანონმდებლო ცვლილებებით იქმნება ახალი სამართლებრივი ბერკეტი ტყეების კარგვისთვის. „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი ხდება საკურორტო-სარეკრეაციო მიზნებისათვის საინვესტიციო წინადადების არსებობა, რაც ეწინააღმდეგება ტყეების მულტიფუნქციური მართვის პრინციპს. ტყის კოდექსის მიხედვით, ტურისტულ-რეკრეაციული ტყეები არის ტყის სტატუსის მქონე მიწები, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი კატეგორია და იმართება, როგორც ტყე, ქვეყნისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის, კერძო ინვესტიციების მოზიდვის საშუალებით. ამის მაგალითები გვაქვს საქართველოს დაცულ ტერიტორიებში.
ტყეების კარგვის ახალ ფაზაში გადაყვანის ნაცვლად, სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები უკანონოდ ამორიცხული ტერიტორიებისათვის ტყის სტატუსის დასაბრუნებლად, დროებით კი აამოქმედოს აღნიშნული ტყეების დაცვის ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმები.
წარმოგიდგენთ ჩვენს მოთხოვნებს 4 პუნქტად:
1. შეჩერდეს ტყის მიწების ამორიცხვისა და რეგისტრაციის პროცესი; ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ შეაჩეროს ტყის მიწების ყველა მიმდინარე რეგისტრაცია
2. საქართველოს პარლამენტმა არ დაუშვას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ინიცირებული ტყის კოდექსის 13.7 მუხლის ჩასწორება, რომელიც ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატეს ინტერესად განსაზღვრავს „საკურორტო-სარეკრეაციო მიზნებისათვის საინვესტიციო წინადადების არსებობას“
3. შემუშავდეს სამართლებრივი მექანიზმები, რაც შეზღუდავს ტყის ჭრას არამიზნობრივად ამორიცხულ ტერიტორიებზე
4. მომზადდეს დოკუმენტაცია არამიზნობირვად ამორიცხული ტერიტორიებისთვის ტყის სტატუსის დასაბრუნებლად
აქვე გაცნობებთ, რომ ხელმომწერი ორგანიზაციები ვაცხადებთ მზაობას, დიალოგი გავაგრძელოთ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე და აქტიურად ჩავერთოთ საკითხზე რეაგირების მიზნით ინიცირებულ კვლევებსა და დისკუსიებში.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
ნანა ჯანაშია CENN
ნინო ჩხობაძე საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /
დედამიწის მეგობრები - საქართველო
ალეკო ცქიტიშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრი