• საქართელოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს განცხადება საქართველოში მიმდინარე და მოსალოდნელ   გარემოსდაცვით პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე

    საქართელოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს განცხადება საქართველოში მიმდინარე და მოსალოდნელ გარემოსდაცვით პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე

    2021.12.29

    2017 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება (პრემიერ მინისტრი გ. კვირიკაშვილი)  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანების შესახებ. გაერთიანებული სტრუქტურიდან - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი გადაეცა და დაექვემდებარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  რომელიც ორიენტირებულია რესურსების მაქსიმალურად მოხმარებაზე.

    ასეთი ,,რეორგანიზაციის“ შედეგად მივიღეთ ინტერესთა   კონფლიქტი ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მოხმარებას შორის:  დღეს  ერთ უწყებაშია მოქცეული ერთის მხრივ, ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლების გაცემისა (ლიცენზირება) და მეორეს მხრივ, მოსაპოვებელი რესურსების ოდენობისა და  მოპოვების პირობების დადგენის და სალიცენზიო/სანებართვო პირობების კონტროლის ფუნქციები.

    ასევე, სერიოზულად შეფერხდა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება.

    ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  ასოცირების ხელშეკრულებით გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები თანამდროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვასთან ერთად ამ სფეროში ფუნქციონალურად და სტრუქტურულად ერთიანი პასუხისმგებელი უწყების არსებობასაც მოიცავს.

    სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში გარემოსდაცვით სექტორში ხშირად ხორციელებოდა ცვლილებები საზოგადოების ინფორმირებისა და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. როგორც პრაქტიკამ არაერთხელ ცხადყო, ამგვარად მიღებული გადაწყვეტილებები არ არის დაზღვეული შეცდომებისგან. შედეგად კი სახელმწიფოს და საზოგადოებას  ამ შეცდომების აღმოფხვრა ბევრად უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე დაჩქარებული და ბოლომდე გაუთვლელი გადაწყვეტილებით მიღებული ხანმოკლე და ერთჯერადი სარგებელი.

    ჩვენ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებს მიგვაჩნია, რომ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების გაუმჭვირვალე პრაქტიკა და გარემოსდაცვითი სექტორისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არ შეეფერება ქვეყანას, რომელიც  ისწრაფვის ევრო–ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ.

    აღვნიშნავთ, რომ ორჰუსის კონვენციის თანახმად (რომლის მხარეც საქართველო 2001 წლიდანაა), სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების  პროცესში საზოგადოების მონაწილეობა იმ ეტაპზე, სანამ არჩევანის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია (კონვენციის დედანში - while options are still open).

    ვთვლით, რომ ევროკავშირთან დაახლოებისთვის და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელია ფუნქციონალურად და სტრუქტურულად ერთიანი გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი უწყების აღდგენა.

     

    მიღებულია ორგანიზაციის XIV საერთო   კრებაზე

    29.12.2022