• ,,მესტიაჭალა 1“ და ,,მესტიაჭალა 2“  ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით

    ,,მესტიაჭალა 1“ და ,,მესტიაჭალა 2“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით

    2019.07.01

    ს.ს. „სვანეთი ჰიდრო“ -ს და ავსტრიული კომპანია rpGLOBAL-ის ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, რომ არადაგუბებითი ტიპის - მდინარის წყლის მოდინებაზე მომუშავე ჰესები ,,მესტიაჭალა 1“ და ,,მესტიაჭალა 2-ი“, ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე ჰესებია არ გამართლდა.


    ამ ობექტებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ მოხდა მდ. მესტიაჭალის ღვარცოფული ჩამონადენის დამანგრეველი ზემოქმედება, შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს (კერძოდ, მესტიაჭალას ხეობას), სხვადასხვა კომპანიას და ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ ქონებას. 
    ჩვენთვის გასაგებია მთავრობის მცდელობა, ენერგოგენერაციის ობიექტების მშენებლობით ქვეყნისთვის მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, მაგრამ მათი ექსპლუატაციით მიღებული ეკონომიკური სარგებელი არ უნდა იყოს ბევრად ნაკლები იმ სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ზარალზე, რომელსაც ქვეყანა მიიღებს პროექტების არაგონივრული დაგეგმვით და რისკების არაჯეროვანი შეფასების შედეგად. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო არგუმენტირებულად ასაბუთებდა (თან ახლავს), ჰესების საპროექტო დოკუმენტაციის არასრულყოფილებას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უნდობლობას უცხადებდა საქმიანობის განმახორციელებელს, კატეგორიულად მოითხოვდა ,,მესტიაჭალა-1“ და ,,მესტიაჭალა-2“ ჰესების პროექტებზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 29.08.16წ-ის № ი-441 ბრძანებით დამტკიცებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესწავლას და რეალური ანალიზის გაკეთებას.


    სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლების, ინვესტორისა და მშენებლის მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი არც საპროექტო დოკუმენტაციის და არც გზშ-ის ანგარიშის სრულყოფის თვალსაზრისით. ზემოთქმულიდან გამომდინარე ვითხოვთ: 1. ენერგოგენერაციის ყველა პროექტი დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, რისთვისაც სათანადო შესწორებები იქნას შეტანილი საქართველოს კანონში „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“; 2. კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეული გარემოზე დამანგრეველი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნი, ყველა მშენებარე და ექსპლუატაციაში არსებული ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის გადაიხედოს/შემუშავდეს და საქ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცდეს რისკების შეფასების ანგარიში და პრევენციული ღონისძიებების გეგმა; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები- საქართველო