• განცხდება  ,,საქართველო - ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ!“

    განცხდება ,,საქართველო - ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ!“

    2019.04.11

    დღეისათვის, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად ექვემდებარება ტყვიის მაღალ ექსპოზიციას. თუმცა, შესაბამისი მონაცემების არ არსებობის გამო არ გვაქვს გარემოში ტყვიით დაბინძურების სრული სურათი და გამომდინარე აქედან გაძნელებულია ზემოქმედების წყაროების და გზების დადგენა. მედიის დახმარებით, დღეისათვის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე იცის, რომ ტყვია შეიძლება იყოს არამარტო სანელებლებში, არამედ ინდუსტრიულ საღებავებში, სამშენებლო მასალებში, ბავშვის სათამაშოებში და ასე შემდეგ. თუმცა, არის ტყვიით გარემოს დაბინძურების გამომწვევი სხვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც კერძოდ - ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი ავარია და ამ ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად გარემოს რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურება, რაზეც სამწუხაროდ დღეს არავინ არ საუბრობს. არადა: ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ 2-4〖 ×10〗^(18 ) ბეკერელი (შესაძლოა მეტიც) რადიოაქტიური მასალა გამოიფრქვა ატმოსფეროში და შემდეგ დაილექა; ხანძრის ჩასაქრობად ცენტრალურ რეაქტორში ჩაიყარა 6 760 ტონა ტყვია ( Pb), რომლის ძირითადი ნაწილი ექსტრემალური სიმხურვალისგან ორთქლის სახით გაიფრქვა და მოხდა მისი დეპოზიტი ნიადაგებში; 1986-87-89 წლებში მთელი რიგი სამეცნიერო ინსტიტუტების მიერ, დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიების (განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთის) რადიონუკლიდებით მაღალი დონის ანომალური დაბინძურება.

     

    მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან პასიური ქმედებების გამო, საქართველო არ დაფიქსირდა ჩერნობილის აეს-ზე ავარიის შედეგად დაზარალებულ ქვეყნების სიაში (არადა, არაოფიციალური მასალებით ის დაზარალებული ქვეყნების ოთხეულში შედის); 2000 წელს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს და ფრანგი სპეციალისტების დახმარებით, უკონტროლო რადიაქტიური ნივთიერებების დაძიების მიზნით, განხორციელდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიების აეროსპექტრალური შესწავლა, რომლის დროსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ თერჯოლის ტყის ეკოსისტემებში სპექტრული ანალიზის დროს დაფიქსირდა ჩერნობილის აფეთქების კვალი, რაც სამწუხაროთ მანამდე არ იყო აღრიცხული. ამდენად, ალბათობა იმისა, რომ ტყვიით საქართველოს გარკვეული ტერიტორიების დაბინძურების ერთერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ჩერნობილის აეს-ზე მომხდარი ავარიაა, საკმაოდ მაღალია. 1986 წელს დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა და მისი შედეგები დღემდე შესწავლილი არაა. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რომ ტყვიის მავნე ეფექტი ვრცელდება ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე (გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის, ენდოკრინული, კუჭ-ნაწლავის, იმუნური და რეპროდუქციული სისტემები). ის ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს საკვებიდან, წყლიდან, ნიადაგიდან, მტვრიდან და ჰაერიდან. ტყვია ძლიერად ადსორბირდება ნიადაგის ორგანული ნივთიერებების მიერ. ნიადაგში ტყვიის ადსორბირებას ხელს უწყობს ზედაპირული წყლები. მცენარე ნიადაგიდან ტყვიას ფესვთა სისტემის მეშვეობით ითვისებს, ასე ხვდება ის საკვებად ვარგის მცენარეებში. გარდა ამისა ფოთლებში ტყვიის შემცველობა ხშირად კორელაციურ კავშირშია ატმოსფეროში მის კონცენტრაციასთან; გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ რომ ნიადაგში დალექილი ტყვიის დაშლა და მისი თხევად მდგომარეობაში გადაყვანა მჟავა წვიმების ზემოქმედებით ხდება. ასე ხვდება ტყვია მიწისქვეშა წყლებში. მიწისქვეშა წყლებიდან კი ტბებში და ზღვაში. გამომდინარე ზემოთქმულიდან მიგვაჩნია, რომ აუცილებელია: გამოკვლეული და გაანალიზებული იქნას, დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონის (აჭარა,გურია,იმერეთი,სამეგრელო და ქვემო სვანეთი) მოსახლეობაში რადიონუკლიდური ფონით გამოწვეული დაავადებათა ზრდის ტენდეციები; განისაზღვროს ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დასავლეთ საქართველოს რადიონუკლიდური ნივთიერებებით მეტ-ნაკლებად დაბინძურებული ტერიტორიები; მიეცეს შეფასება ჩერნობილის ავარიის შედეგად რადიონუკლიდური ნივთიერებებით გამოწვეული დაბინძურების ზეგავლენას - საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და საცხოვრებელ გარემოზე; საჭიროების შემთხვევაში შემუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდოს შესაბამისი მასალები საქართველოს როგორც ჩერნობილის კატასტროფით დაზარალებული ქვეყნად აღიარების მიზნით. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო