• საქართველოში „დავასუფთაოთ მსოფლიო  კამპანია დაიწყო

    საქართველოში „დავასუფთაოთ მსოფლიო კამპანია დაიწყო

    2019.09.10

    20 სექტმბერს, სტარტი აიღო საერთაშორისო კამპანიამ – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელსაც ამ დროისთვის მსოფლიოს 130-ე მეტი ქვეყანა უერთდება. მათ შორის საქართველო.

     კამპანიის მიზანია მსოფლიო საზოგადოების მობილიზება გარემოს დასაცავად და დასუფთავების აქციებში მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ჩართვა. კამპანიას საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ის ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება.

    20 სექტემბერს, საქართველოში მსოფლიოში მიმდინარე კამპანიის პარალელურად დაიწყო მასშტაბური დასუფთავების აქციები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თბილისში „დავასუფთაოთ მსოფლიო - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დაახლოებით 1 ჰა ფართობი, სადაც შეგროვდა დაახლოებით 4 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობდა 100-მდე მოხალისე.

    დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი საქართველოსა და სომხეთში ბნ.  ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში ბნ. ერიკ ილსი, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქნ. კაი კაარელსონი და ნორვეგიის სამეფოს კონსული და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  საქართველოში ბნ. მარკო სოლდიჩი, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წევრები. სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, აფხაზეთის გარემოსდაცვის სამსახურის თანამშრომლები. აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები. თბილისის საკრებულოს წევრები,  შპს თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები, მოხალისეები.

    თბილისის გარდა, დასუფთავების აქციები დაიწყო საქართველოს რეგიონებში, რომელსაც ორგანიზებას უწევს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო   ადგილობრივ მთავრობებთან ერთად.

    კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველოში ტარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

     

    ერთად დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!