-
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა მდ. რიონზე ახალი ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობებთან დაკავშირებით
2020.05.25საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების საქართველოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მდ. რიონზე ახალი ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობებთან დაკავშირებით
დარწმუნებული ვართ რა, რომ საქართველოს ენეგეტიკული უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება მიიღწევა:
· ევროპულ ენერგეტიკულ სივრცესთან უფრო მეტი ინტეგრაციით;
· ბუნდოვანი და ხარვეზების მქონე ეროვნული კანონმდებლობის დახვეწით;
· გაუმჭვირვალე მემორანდუმებზე დამყარებული გადაწყვეტილებების პრაქტიკის აღმოფხვრით და სექტორის გაჯანსაღებით.
აუცილებლად მიგვაჩნია - ერთის მხრივ, მდგრადი ენერგეტიკის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებლის იდენტიფიცირების დაჩქარება და მეორეს მხრივ განახლებადი ენერგიებისა და დაბალი ემისიური ეკონომიკის განვითარების მოდელების დანერგვის ხელშეწყობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში - კლიმატის ცვლილების ფონზე, გამძაფრებული ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესები და გარემოზე ინტენსიური ანთროპოგენული ზემოქმედება, აშკარად დრამატულ განვითარებას ჰპოვებს საქართველოს მდინარეთა წყალშემკრებ აუზებში.
მდ. რიონზე განსახორციელებელი საინვესტიციო ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხილვამ, დღეს უკვე რეალურად დაგვანახა წინააღმდეგობები მდგრადი განვითარების პრინციპებს, გარემოსდაცვით პოლიტიკას, მოსახლეობის ინტერესებს, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ინვესტორების სწრაფვას შორის.
განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მდ. რიონის აუზში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების (ონის, ნამოხვანის კასკადები) მშენებლობა, შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების, წყლის რესურსების მართვის აუცილებელი ინსტრუმენტებისა და მოქნილი ისტიტუციური სისტემის გარეშე - შეუძლებელია.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დაუყოვნებლივ უნდა დააჩქაროს ისეთი მასშტაბური და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა:
· მდ. რიონის აუზში (ისევე როგორც სხვა მდ. აუზებშიც) ჰიდროლოგიური პარამეტრების განსაზღვრისთვის მუდმივი დაკვირვების სისტემის დანერგვა - წყლის მარაგების შესწავლა;
· კლიმატის ცვლილების ფონზე მდ. რიონის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ხელახლა დადგენა;
· მდ. რიონის წყალსარგებლობის გეგმის შემუშავება და მთავრობის მიერ მისი დამტკიცება ;
· მდ. რიონის აუზში (ისევე როგორც სხვა მდინარეების აუზებში) ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვა (აუზური მართვა);
· „მდინარეთა გარემოსდაცვითი ხარჯის გაანგარიშების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“- ს შემუშავება და მთავრობის მიერ მისი დამტკიცება;
· სამინისტროს სისტემაში წყლის რესურსების მართვის სააგენტოს შექმნა;
· საქართველოს კანონპროექტის „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ სრულყოფა და მისი წარდგენა საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად;
უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნებრივი რესურსების არათანმიმდევრული და არაგონივრული მოხმარება მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებს.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/
დედამიწის მეგობრები - საქართველო
25 მაისი 2020
თბილისი , საქართველო