• „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“- ფინალურ დოკუმენტთან“ დაკავშირებით

    „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“- ფინალურ დოკუმენტთან“ დაკავშირებით

    2020.10.01

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა და სამოქალაქო  სექტორის ხელმომწერი წარმომადგენელების ხედვა

    „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“- ფინალურ დოკუმენტთან“ დაკავშირებით

     

    ზოგადი დამოკიდებულება „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“- ფინალური დოკუმენტის (გამოქვენებულია 2020 წლის ივნისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ)“ მიმართ:

          ვთვლით, რომ დოკუმენტი გადატვირთულია ისეთი ტექსტებით, რომლებიც არ შეიცავს კლიმატის ცვლილებისა და სათბური აირების შემცირების მიმართ სამთავრობო პოზიციისა და ხედვის შესაბამის შინაარსს და არც რაიმეს მატებს მას.

         გამოქვენებული მასალები არ მოიცავს დამატებით ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის სიცხადის, გამჭვირვალობისა და ნათლად გაგებისთვის.

    მიგვაჩნია, რომ დოკუმენტის მე-2-ე თავის (ეროვნული გარემოებები და ინსტიტუციური მოწყობა) 2.2, 2.3, 2.4 და 2.5 ქვეთავებში სუსტადაა ასახული შესაბამისი სექტორების მიხედვით ეროვნული პოლიტიკა, სტრატეგია და სამიზნე მაჩვენებლები, რაც ქმნის სირთულეებს სათბური აირების ემისიების შემცირების მიზნით დასახული ზოგიერთი მიზნის აღქმაში და არადამაჯერებელს ხდის მათ.  იგივე მიზეზები ეჭვის ქვეშ აყენებს ზოგიერთი მიზნის რეალობას და ამბიციურობას.

    ცნობილია, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოს არაერთი ვალდებულება აქვს აღებული როგორც საერთაშორისო აქტების, აგრეთვე ქვეყნის კანონმდებლობით. ამ ვადებულებების გარკვეული ნაწილი დღემდე შეუსრულებელია. ამ ფონზე უაღრესად მოკრძალებულად გამოიყურება დოკუმენტის თავი 3 -  „საქართველოს სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის სისტემის შექმნა.“

     არსებული ჩანაწერიდან გამომდინარე, კვლავ ბუნდოვანი რჩება 2010 წლის „კოპენჰაგენის შეთანხმებით“ აღებული ვადებულების ბედი (ვალდებულება - „საქართველო გადადგამს ნაბიჯებს რათა მიაღწიოს გაზომვად, ანგარიშგებით და შემოწმებით (MRV) გადახრას საბაზისო სცენარიდან რომელიც მხარდაჭერილი და უზრუნველყოფილი იქნება ფინანსებით ტექნოლოგიებითა და შესაძლებლობების შექმნით)

          იმდენად, რამდენადაც კლიმატის სამოქმედო გეგმა უნდა დაეფუძნოს ამ დოკუმენტით დასახულ მიზნებს,  აუცილებლად მიგვაჩნია მეტი კონკრეტიკა 52-ე, 54-ე და 56-ე მუხლებში;

    ვთვლით, რომ ოპტიმალურთან შედარებით სუსტად გამოიყურება მე-5 თავი (ადაპტაცია), რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ კვლევებსა და შეფასებებს გეგმავს და არ გულისხმობს აქტივობას კვლევების შედეგების მიხედვით კონკრეტული საადაპტაციო ღონისძიების განხორციელების თვალსაზრისით.

     ამ დოკუმენტზე ხელმომწერთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ისეთი მაღალის სტატუსის  დოკუმენტში , როგორიც „ ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილია“  - გათვალისწინებული უნდა  იყოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ემისიების შემცირების ღონისძიებები.

    ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაგვაჩნია მყარი რწმენა, რომ კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელია საზოგადოებისა და მთლიანად მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერის გარეშე.  ასეთი მხარდაჭერის არ არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სამთავრობო გადაწვეტილების რეალიზაციისათვის საჭიროზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი რესურსების მობილიზების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება სასურველი შედეგების მიღწევა.  

     აქედან გამომდინარე, დოკუმენტის მნიშვნელოვან ნაკლად მიგვაჩნია ის, რომ მასში არ არის აქცენტირებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, განათლების დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა და საერთო მიზნის მისაღწევად საზოგადოების მობილიზების საკითხები.

     ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით ვთვლით: დოკუმენტი საზოგადოებას მიეწოდოს იმ ფორმით, რომ თითოეულმა მოქალაქემ მკაფიოდ დაინახოს საერთო მიზანი და მის მისაღწევად სამთავრობო ძალისმევაში ჩართვის აუცილებლობა, საკუთარი როლი და ადგილი. ნათლად წარმოიდგინოს რა უნდა გააკეთოს, რითი შეიზღუდოს თავი, ან რა შეზღუდვებს უნდა ელოდეს.

    შეფასება და პოზიცია კონკრეტული ქვეთავებისა და მუხლების  მიხედვით:

    თავი 1  საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის აღწერა

    ქვეთავი 1.1 მიზნები

    მუხლი 1

    1990 წლის დონესთან შედარებით 2030 წლისთვის  სათბური აირების  ემისიების 35%-იანი კლება არ არის ამბიციური  და ეს პროცენტული მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს.

    სათბური აირების  ემისიების 35%-იანი კლების შემთხვევაში 2018-2020 წლების დონესთან შედარებით ემისიები 2030 წლისთვის გაიზრდება 12 მლნ ტონით, ანუ 67%-ით. დასახული მიზანი გამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ 2030 წლამდე პერიოდში ეკონომიკაში მოხდება გარღვევა და მშპ თითქმის გაორმაგდება.   

    ამ შედეგის მისაღწევად კი ეკონომიკის ზრდის ტემპი ყოველწლიურად და სტაბილურად უნდა იყოს 7%-ის ფარგლებში, რაც არარეალურია.

    ამდენად, უპირობო ვალდებულების შესრულების შემთხვევაშიც კი ერთეულ მშპ-ში  ემისიების რაოდენობა გაიზრდება  - რაც ჩვენთვის მიუღებელია.

    მუხლი 2

    პირველ მუხლთან დაკავშირებული ჩვენი სურვილების გათვალისწინების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს მე-2-ე მუხლით დასახულ მიზნებში;

    მუხლი 12

    ვთვლით, რომ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის საადაპტაციო ღონისძიებები მოითხოვს მეტ კონკრეტიკას. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ღონისძიებები აისახოს კლიმატის სამოქმედეო გეგმასა და სხვა შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში.

    თავი 2 ეროვნული გარემოებები და ინსტიტუციური მოწყობა

    ქვეთავი 2.2  ეკონომიკური პროფილი

    ვაფასებთ, რომ გაიზიარეთ ჩვენი რეკომენდაცია და ემისიები დააკავშირეთ მშპ-ის დინამიკასთან, თუმცა მშპ-ის ზრდის რეალური მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში 5,0%-ზე დაბალია და სავარაუდოდ, არც  უახლოეს მომავალშია შესაძლებელი  5%-იანი ზღვარის  სტაბილურად დაძლევა, ამიტომ გვიჭირს გავიზიაროთ დოკუმენტის ავტორთა ოპტიმიზმი. 

     ქვეთავი 2.3  მოსახლეობა და მოწყვლადი ჯგუფები

    მუხლები 38 და 39 

    აუცილებლად მიგვაჩნია ამ მუხლებში აისახოს სახელმწიფოს ვალდებულება  სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და ჯანდაცვის  სამოქმედო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით

    ქვეთავი 2.4 გეოგრაფიული პროფილი

    ა) ვთვლით, რომ მაღალმთიანი ტერიტორიების მოწყვლადობის ხაზგასმა არ არის საკმარისი;

    ბ) კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია სანაპირო ზოლის, არიდული, სემიარიდული, სემიჰუმიდური და სხვა მოწყვლადი ეკოსისტემების რისკების მართვაზე  ვალდებულებების აღება;

    გ) არასაკმარისად მიგვაჩნია სახელმწიფო ვალდებულება, საქართველოს ტყეების ემისიების შთანთქმისა და ადაპტაციის უნარის (შესაძლებლობების) მხოლოდ  შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

    ვთვლით, რომ სახელმწიფომ მიზნად უნდა დაისახოს და განახორციელოს ამ პოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდის ღონისძიებები

    თავი 4  სათბური აირების შემცირება

    ამ დოკუმენტის ერთ-ერთ ძირითად დანიშნულებად გაცხადებულია, რომ ის წარმოადგენს კლიმატის სამოქმედო გეგმის საფუძველს და ძირითადი პარამეტრების განმსაზღვრელს, ამ თავში კი როლები შეცვლილია და სამიზნე მაჩვენებლების წყაროდ წარმოდგენილია კლიმატის სამოქმედო გეგმა (მუხლი 51, 53).

    ასეთი რეალობა ნამდვილად არ ქმნის სასიამოვნო სურათს და აუცილებელია ამავე დოკუმენტში დააფიქსირდეს  საფუძველიც და სამიზნე მაჩვენებლებიც.

    მუხლი 52, მუხლი 54, მუხლი 56

    ისეთი მაღალი სტატუსის დოკუმენტისათვის, როგორიც ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილია (იგი ამავდროულად კლიმატის სამოქმედო გეგმის საფუძველიცაა), სრულიად არასაკმარისად მიგვაჩნია, რომ შესაბამისი სექტორიდან ემისიების შესამცირებლად დაგეგმილი ღონისძიებები  შემოიფარგლება „მხარდაჭერისა“ და „წახალისების“  ზოგადი ფრაზებით;

    ვთვლით, რომ როგორც ქვეყნის კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელია  მეტი კონკრეტიკა და დასახული მიზნების საჯარო სამსჯავროზე გამოტანა.

    მუხლი 57

    ა) ერთმანეთთან შეუსაბამოდ გვესახება 57 -ე და 42-ე მუხლების შინაარსი.

    ბ) არამბიციურია 2030 წლისათვის სათბური აირების შთანთქმის პოტენციალის 10%-ით გაზრდა.

    ასეთი ზრდის მიღწევა შესაძლებელია საქართველოს ტყეებზე განსაკუთრებული ზრუნვის გარეშეც (ბუნებრივი განახლებისა და ბუნებრივი შემატების ხარჯზე).

    მუხლი 58

    არსებული ფორმულირებიდან გამომდინარე, ძნელია ტექსტის მიზნის გარკვევა და ვფიქრობთ საერთოდ ამოსაღებია.

    მუხლი 62

    სასურველია  ეს მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: საქართველო გეგმავს, ხელი შეუწყოს ენდემური სახეობებისა და სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი აბორიგენული ჯიშების კონსერვაციას, შესაბამის ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასების გზით.

    თავი 6   გენდერი და კლიმატის ცვლილება

    ა) მივესალმებით კლიმატის ცვლილების დოკუმენტში მოწვლადი ჯგუფების მიმართ ყურადღებას, თუმცა ეს „ყურადღება“ იმდენად ზოგადია, რომ სათანადოდ ვერ აისახება კლიმატის სამოქმედო გეგმაში.

    ბ) ვერ ვიზიარებთ 70, 71 და 72-ე მუხლების პათოსს იმის გამო, რომ დოკუმენტი ორიენტირებული არაა კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართვაზე.

     

    1.       საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო;

    2.       საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი;

    3.       ფონდი "კავკასიის ეკოლოგია";

    4.       „ელკანა“;

    5.       "მწვანე ალტერნატივა“;

    6.       ასოციაცია  „ქალები რეგიონების განვითარებისათვის”;

    7.       მოძრაობა საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის;

    8.       იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“;

    9.       საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია  "სემა“;

    10.   ასოციაცია "ქალი და განვითარება";

    11.   სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი“;

    12.   ჯანმთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი;

    13.   „მწვანე რეგიონები“

    14.   ასოციაცია „დეა“;

    15.   სოფლდ თემთა განვითარების სააგენტო;

    16.   ბოლნისის ენის სახლი;

    17.   სითი ინსტიტუტი საქართველო;

    18.   ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო / WECF Georgia;

    19.   სოფლად თემთა განვითარების სააგენტო;

    20.   საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი;

    21.   ექსპერტთა კავშირი „მდგრადი ენერგია და გარემო“;

    22.   კოდის სათემო განათლების ცენტრი

    23.   "რემისია"[1]

     

     


    [1] აქვს განსხვავებული მოსაზრებები გარკვეულ საკითხებზე (კერძოდ, ამბიციურობაზე და არ ეთანხმება მუხლების 1 და 2-ის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს და იმასაც რომ კლიმატის სამოქმედო გეგმა უნდა ეფუძნებოდეს NDC-ს. რემისიას მიაჩნია, რომ პირიქით უნდა იყოს და ქვეყანამ უნდა აიღოს ვალდებულებები მას შემდეგ რაც შეაფასებს, რისი შესრულება შეუძლია და მოამზადებს სამოქმედო გეგმას).