-
განცხადება მდ. რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით
2020.11.22საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/
დედამიწის მეგობრების -საქართველოს
განცხადება
მდ. რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით
ჩვენ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო - კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთის რეგიონში - როგორც მაღალმთიან, მეწყერსაშიშ და საქართველოს ყველაზე სეისმოაქტიურ ზონაში, დიდი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას (ქვემო ნამოხვანი ჰესი, ზემო ნამოხვანი ჰესი, ონის ჰესების კასკადი, სადმელი ჰესი, ღები ჰესი, მდ. საკაურაზე დაგეგმილი კასკადი და სხვა).
რაც ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთხელ განაცხადა და მიმართა გადაწყვეტილებების მიმღებ ინსტიტუციებს თუ პირებს, სამწუხაროდ უშედეგოდ!
ჩვენთვის გასაგებია მთავრობის მისწრაფება და მცდელობა, ენერგორესურსების ათვისების მიზნით უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, მაგრამ ასეთ დროს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ვექტორი მიმართული უნდა იყოს ჰიდროენერგეტიკული პროექტების გონივრულ დაგეგმვასა და მოსალოდნელი რისკების ჯეროვან შეფასებაზე, რაც სამწუხაროდ აბსოლუტურად უგულებელყოფილია. ერთის მხრივ არასრულყოფილი და არათანმიმდევრული ეროვნული კანონმდებლობა და მეორეს მხრივ ინვესტორების მხრიდან წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის არასრულყოფილება და გაწერილი პირობების არასათანადო შესრულება გვაძლევს ისეთ ბანალურ ეფექტს, რომელიც მძიმე და გამოუსწორებელი შედეგებით მთავრდება (კერძოდ: დარიალჰესი, ლარსიჰესი, შუახევჰესი, მესტიაჭალა1, და სხვა).
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები მოვითხოვთ:
· ხელახლა მოხდეს, უკვე გაცემული ნებართვების (ნამოხვან ჰესი, ონის კასკადი, მტკვარი1, ლებარდე ჰესი და სხვ.) საპროექტო დოკუმენტაციის და გაცემული ნებართვების დეტალური გადახედვა/რევიზია;
· კლიმატის გლობალი ცვლილებებით გამოწვეული პროცესებიდან გამომდინარე ახალი გეოფიზიკური, ჰიდროლოგიური, სეისმოლოგიური , გეოლოგიური კვლევების განხორციელება და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ფიზიკურ-მათემატიკური მოდელირება რისკების დადგენის მიზნით ( რაც არ ახლავს დღევანდელ განსახორციელებელ პროექტებს)
· ჩატარდეს სრულყოფილი საჯარო განხილვები ადგილობრივი მოსახლეობის და ყველა დაინტერესებული პირების მონაწილეობით, რაც აქამდე დემონსტრაციულად იყო უგულებელყოფილი;
· მდინარე რიონის ხეობაში აუზური მართვის სისტემების დანერგვამდე არ დაუშვას ახალი საფთხის შემცველი ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობა
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/
დედამიწის მეგობრები- საქართველო
თბილისი, 22 ნოემბერი 2020წ