-
ღია წერილი ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და ადგილობრივ მეღვინეებს
2020.12.03გასაგებია მთავრობის მისწრაფება და მცდელობა, ენერგორესურსების ათვისების მიზნით უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, მაგრამ ერთის მხრივ, არასრულყოფილი და არათანმიმდევრული ეროვნული კანონმდებლობა და მეორეს მხრივ, ინვესტორების მხრიდან წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის არასრულყოფილება და გაწერილი პირობების არასათანადო შესრულება, ხშირ შემთხვევაში იწვევს სერიოზულ სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ ზარალს.
ენერგო დამოუკიდებლობისადმი ასეთმა მისწრაფებამ, შეიძლება კიდევ ერთი გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ღვინის სამშობლოდ აღიარებულ ქვეყანას. კერძოდ კი, საქმე ეხება ნამახვანის ჰესის მშენებლობას, რომლის ორი კასკადიდან ერთი ტვიშის ჰესი გახლავთ (100მგვტ სიმძლავრე, დატბორვა -1000 ჰა ტერიტორია).
არადა, გასული საუკუნის 80-იან წლებში, ექსპერტების დასკვნების საფუძველზე შეჩერებული იქნა ამ პროექტის განხორციელება. ერთ-ერთი მიზეზი კი, სწორედ სოფელ ტვიშის მახლობლად 15კმ2 გაშენებულ ცოლიკაურის ჯიშის ვენახები და ამ ჯიშით წარმოებული ღვინო ,,ტვიში“ გახლდათ, რომელიც საქპატენტის მიერ დარეგისტრირებულია 21 ადგილწარმოშობის ღვინოებს შორის (იხ. დანართი#1) და გააჩნია მკვეთრად ფიქსირებული მიკროზონა (!).
საინტერესოა ისიც, რომ ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ შპს „ენკა რინიუებლზიმ“- ,,მიკროკლიმატზე ზერმოქმედების შეფასების ანგარიშის“ მომზადება დაავალა ფრანგულ კომპანია ,,ტერაკლიმას“ (დანართი #1), რომელსაც ხელს აწერს სამი ფრანგი და ერთი თურქი ექსპერტი, რომელთა დასკვნით კაშხალი ზემოქმედებას ვერ მოახდენს რეგიონის მიკროკლიმატის ცვლილებაზე და თუ ასეთი მაინც მოხდა(!) გვთავაზობენ ,,შერბილების სტრატეგიას“ (https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17132 40 - 41გვ), რომელიც საკმაოდ დამცინავად გამოიყურება იმ საშიშროების საპირწონედ, რაც შეიძლება განვითარდეს უნიკალური მიკროკლიმატის ცვლილებით და ადგილწარმოშობის ღვინო ,,ტვიშის’’ დაკარგვით.
რაც მთავარია ,,ტერაკლიმას“ ექსპერტები დასკვნებს აკეთებენ ისეთი ქვეყნების მაგალითზე (ურუგვაიში მონტევიდეოს ღვინის რეგიონი, სამხრეთ აფრიკა, კანადის დიდი ტბები, ჟენევის ტბა და სხვა), სადაც ყურძნის ფენოლოგიაზე და ზოგადად მეღვინეობაზე დიდი ბუნებრივი წყალსატევები (განსხვავებით რიონის ხეობაში დაგეგმილი ხელოვნური წყალსატევის მშენებლობისა) საუკუნეების განმავლობაში ახდენდნენ ზეგავლენას, რაც აბსოლუტურად შეუსაბამო არგუმენტია, ვინაიდან საქართველოს ბუნებრივი პირობები და რიონის ხეობის ორეოგრაფია კარდინალურად განსხვავდება მოყვანილი მაგალითებისგან (https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17132 31-32 გვ).
საინტერესოა ისიც, რომ არც სახელმწიფომ და არც ინვესტორმა საჭიროდ არ ჩათვალეს ამ პროცესში ადგილობრივი, მიუკერძოებელი ექსპერტების ჩართვა, რაც კიდევ დამატებითი ეჭვის საფუძველს იძლევა.
მოგმართავთ ყველა ღვინის მწარმოებელ კომპანიას და ქართველ მეღვინეს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა შეჩერებული და გადახედილი იქნას ნამახვან ჰესის მშენებლობის ნებართვა. ასეთი მასშტაბური მშენებლობები, უნდა იყოს დეტალურად გათვლილი და მიუკერძოებლად შეფასებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანდათანობით საფრთხე დაემუქრება ყველა ადგილობრივი წარმოშობის ღვინოებს (დაგეგმილი ჰესების მშენებლობის პერსპექტივებიდან გამომდინარე) და ღვინის ბიზნესი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება.
პატივისცემით,
ნინო ჩხობაძე
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/
დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარე