საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები საქართველოს განცხადება კონსტიტუციის პროექტის გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით
2018.08.29
საქართელოს კონსტიტუცის პროექტის გავრცელებულ ვერსიაში ბუნებრივი გარემოსადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება შემდეგნაირადაა ფორმულირებული:
მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება
1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს კანონი.
2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარება უზრუნველყოფილია კანონით.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა გამოთქვამს ღრმა რწმენას, რომ საკონსტიტუციო კომისია არ გაიზიარებს ასეთ ფორმულირებას, რადგანაც ეს, სახელმწიფოს მხრიდან, იქნებოდა პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობა და უკუსვლა მაშინ, როცა მთელი პალნეტა უმწვავესი ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას.
გავრცელებული ვერსიის ავტორები ალბათ თვლიან, რომ გარემოს დამცველთა მრავლათასიანი არმია და მთელი საზოგადოება მადლიერი უნდა იყოს იმისათვის, რომ გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს მდგრადობის თემებს განიხილავენ კანონის და არა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის რეგულირების სფეროდ, მაგრამ ეს ჩვენ არც გვახარებს და არც გვაკმაყოფილებს.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ, კონსტიტუციის დონეზე, შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გააძლიეროს პასუხისმგებლობა ზოგადად გარემოს დაცვაზე.
ჩვენ მოვითხოვთ:
მოქმედი კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები შენარჩუნდეს უცვლელად და მათ დაემატოს შემდეგი შინაარსის ფრაზები:
1. გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარების პრინციპები და კონცეფცია (პოლიტიკა) განისაზღვრება ორგანული კანონით;
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობას;
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის ეკოლოგიურ განათლებას.