• 20 სექტემბერს, საქართველოში კამპანიები „დავასუფთაოთ მსოფლიო“  და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ (21 სექტემბერი) იწყება

    20 სექტემბერს, საქართველოში კამპანიები „დავასუფთაოთ მსოფლიო“ და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ (21 სექტემბერი) იწყება

    2019.09.19

     

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით გაიმართა პრესკონფერენცია  მსოფლიო დასუფთავების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

     მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავიდაშილმა და შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომმა.

    მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ნარჩენების მართვის საკითხებზე და სამოქმედო გეგმებზე, რაც ამ მიმართულებითაა დაგეგმილი. მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე, მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაზე; შვედეთის ელჩმა ხაზი გაუსვა მიმდინარე პროექტისა და კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მნიშვნელობას, როგორც ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში, ასევე ისაუბრა ნარჩენების როლზე კლიმატის ცვილებასთან მიმართებაში.

    შეხვედას ესწრებოდნენ შვედეთის საელჩოს, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე.

     საქართველოში პროექტისა და კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში 20-21 სექტემბერს დაგეგმილია მასშტაბური დასუფთავების აქციები, რომელიც დაიწყება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით და სამი დღის განმავლობაში მოიცავს საქართველოში  1000-მდე ტერიტორიას. პროექტის ფარგლებში ასევე გამოცხადდა კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019“.

    პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

     

     

     

     

    პროექტის დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ჯფუფი

    არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT)

    საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“,

     „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამისწის მეგობრები - საქართველო“