• "კლიმატის კვირეული 2019" - სენაკის სკოლა-გიმნაზია

    "კლიმატის კვირეული 2019" - სენაკის სკოლა-გიმნაზია

    2019.09.27

    საქართველოში კლიმატის ცვლილების კვირეული 27 სექტემბერს დაიწყო და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო სენაკის სკოლა-გიმნაზიაც. პირველივე დღე ეკოკლუბელებმა ნიკო ნიკოლაძის სახელს დაუკავშირეს.

    ნიკო ნიკოლაძე დიდ საქმეებთან ერთად, ცნობილია, როგორც უნიკალური დენდროლოგი. ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ევროპიდან იშვიათი ჯიშის მცენარეები ჩამოიტანა და საკუთარ ეზოში დენდროლოგიური პარკი მოაწყო.

    ეკოკლუბმა გადაწყვიტა წვეოდა დიდ ჯიხაიშში ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს და ადგილზე გაცნობოდა ამ ისტორიებს. საინტერესო გამოდგა ის ფაქტიც, რომ ამ დღეს დაუკავშირეს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკოლასთან დამეგობრებაც და დაპატიჟეს დიდ ჯიხაიშში. სტუმრობა შედგა და კლიმატის კვირეულიც ღირსეულად დაიწყო.

    ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სკოლა დაინტერესებულია ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიით“, სწორედ ამ კონკურსში გასარკვევად დაუკავშირდა სკოლა-გიმნაზიას და სთხოვა გამოცდილების გაზიარება. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეები შეიკრიბნენ საკონფერენციო დარბაზში, სადაც ეკო-კლუბელებმა ნინო ძიგუამ და ლიკა კოკაიამ დამეგობრებულ სკოლას წარუდგინეს პრეზენტაცია, თუ რატომ უნდა ჩაერთონ აღნიშნულ კონკურსში და რა გამოცდილება შესძინა მათ გასულმა წელმა.

    კვირეულის აღნიშვნით კლუბი ეხმაურება მდგრადი განვითარების მე-13 და მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ  გადაუდებელი ზომების გატარებაში, დედამიწის ეკოსისტემების დაცვას, აღდგენასა და მდგრად გამოყენებაში.

    „კლიმატის კვირეული-2019“ ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.